ახალი ამბები

რატომ გაძვირდა პარკირება თბილისში

6 ოქტომბერი, 2010 • • 1217
რატომ გაძვირდა პარკირება თბილისში

სითი პარკი ნეტგაზეთთან  საუბრისას აცხადებს, რომ ავტომობილების პარკირების წლიური გადასახადის გაორმაგების მიზეზი ადგილების დამატებას უკავშირდება.

ლევან ტაბატაძე, სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ კომპანიამ 40 ათასი ახალი ადგილი დაამატა.

ეს არის ის მიზეზი, რის გამოც, 25 ლარის ნაცვლად, პირველი ოქტომბრიდან პარკირების ფასი 50 ლარი გახდა.

ტაბატაძის ინფორმაციით, სითი პარკს ამ ეტაპზე 44 ათასამდე ადგილი აქვს.

კომპანიის მიერვე მოწოდებული სტატისტიკით, 2010 წელს 133 ათასამდე ადამიანმა გადაიხადა ერთწლიანი პარკირების საფასური.

ქალაქის მთავრობა, კანონის მიხედვით, პარკირების საფასურის დამდგენი ორგანოა. თბილისის მერიამ პარკირების საფასურის გაზრდის მიზეზი დასაბუთებულად ჩათვალა.

აკაკი ჯოხაძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს: ”პარკირების ოპერატორი მუშაობს არა მარტო პარკირების მონიშვნაზე და მათზე შესაბამისი საგზაო ნიშნების დაყენებაზე, არამედ – გზებზე მოძრაობის ორგანიზაციის კუთხითაც”.

1 ოქტომბრიდან პარკირების წლიური საფასური 50 ლარია. შესაძლებელია 6 თვის საფასურის გადახდა, ანუ 25 ლარის. ხოლო ერთკვირიანი პარკირების საფასური 4 ლარი იქნება.

დღესვე ლეიბორისტულმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა, ვარდების მოედნიდან მერიამდე ისინი საყვირებით მოძრაობდნენ და ამ ფორმით აპროტესტებდნენ პარკირების ფასის გაორმაგებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი