ახალი ამბები

„მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს“ — მდინარაძე სანქციებზე

7 ივნისი, 2024 •
„მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს“ — მდინარაძე სანქციებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ სავიზო სანქციების დაწესებას ირონიულად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ამბავს „ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ“.

„მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!

ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით.
არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!“ – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.

მილერის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.

მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.

მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.

მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება, თუმცა, თუ ისინი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტენ, ამის შესახებ აღმოაჩენენ, როდესაც ვიზას მოითხოვენ, ხოლო ისინი, ვისაც უკვე აქვთ ვიზა, მიიღებენ შეტყობინებას მისი ანულირების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი