ელიზბარაშვილის განცხადებით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ჩარიცხული თანხები მერიის თანამშრომლებმა: ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ უკანონოდ მიითვისეს და გაფლანგეს.
“მე ამ განცხადებაში მაქვს მტკიცებულებები, ჩემი აზრით, რითაც ვამტკიცებ, რომ ამ ადამიანებმა მინიმუმ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა და 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების ინტერესები შელახეს. 55 მილიონ ლარზე მეტია შესული დაზარალებულთა ფონდში და ეს ხალხი იყო ვალდებული, თანხები გადანაწილებინათ დაზარალებულებისთვის. მარტო ჩემს ქუჩაზე 39 დაზარალებული ოჯახია და აქედან მხოლოდ 9 ოჯახს მისცეს კომპენსაცია, ესეც ჩვენი დიდი ძალისხმევით. 30 ოჯახი დატოვეს ღია ცის ქვეშ, ისე, რომ ქირის ფულსაც აღარ უხდიან,”– აცხადებს ელიზბარაშვილი.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, დაზარალებულები კომპენსაციას თანხების უქონლობის გამო ვერ იღებენ.
“ამ განცხადებაში ჩანს, რომ კომპენსაცია უნდა გაიცეს იმ დაზარალებულებზე, ვინც პროცედურები გაიარეს, მაგრამ ამ კომპენსაციას არ გასცემენ. განაცხადეს, რომ ფული აღარ აქვთ და სად წავიდა მაშინ ეს ფული? მე არ ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე. ეს არის პროკურატურის გამოსაძიებლი. რადგან ფული აღარ არის ამ ფონდში, მე მაქვს გონებრივი ეჭვი იმისა, რომ ეს თანხა მოიპარეს და ჩაიდეს ჯიბეში. მოვითხოვ, რომ ამ ქურდების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება,” – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი 13 ივნისის სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა.
თბილისის მერიის ცნობით, 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ 37 ოჯახს გაუფორმდა ხელშეკრულება და მათ, ჯამში, 9 835 462 ლარი ჩაერიცხათ.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისის მერიამ 21 672 076 მლნ ლარის მობილიზება შეძლო სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობებით. ხოლო მერიის ბიუჯეტში სამთავრობო ფონდებიდან 33 991 963 ლარი გადაირიცხა.
13–14 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, თბილისი ზოოპარკი და გმირთა მოედანი. სტიქიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 2 დღემდე იძებნება. თბილისის მერიის ცნობით, ქალაქისათვის მიყენებულმა ზარალმა 100 მლნ. ლარს გაადააჭარბა.