საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ასევე ფუნქციონირება განაახლა სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა „დარიალმა“.
უწყების განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღეს, 6 ივნისს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა სასიგნალო შეტყობინება დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს:
„შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება“ ,— ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
