ზაქარეიშვილის თქმით, რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების ფაქტი არ იქნებოდა კანონიერი აქტი.
“ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს. ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ – 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე არ სცნობს საერთაშორისო სამართალი”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.
ინიციატივის შესახებ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ცხინვალში გაიმართა. თიბილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის საუკუნის ოცნებაა, რომელიც, მისი თქმით, ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან ორსაუკუნოვანი წინააღმდეგობის პროცესში აღმოცენდა.
“დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და აყვავება უზრუნველვყოთ”, -განაცხადა მან.
თიბილოვი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის იდეა ფართომასშტაბიან მხარდაჭრას მოიპოვებს.
| |||