ახალი ამბები

„პოლიტიკურ შეხედულებებზე კამათი მოუვიდა თანასაკნელებთან“ — ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქციაზე დაკავებულები მოინახულეს

29 მაისი, 2024 •
„პოლიტიკურ შეხედულებებზე კამათი მოუვიდა თანასაკნელებთან“ — ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქციაზე დაკავებულები მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთაგან ორს გლდანის ციხეში, თანასაკნელებთან პოლიტიკური შეხებულების გამო კამათი მოუვიდათ. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა კამათის შემდეგ “აღელვების ნიადაგზე” საპარსის გადაყლაპვა სცადა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, მეორემ კი საკნის შეცვლა ითხოვა, რაც ციხის ადმინისტრაციამ დაუკმაყოფილა.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში პატიმრების მონახულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ “არასათანადო მოპყრობაზე”. საუბარია ტვ „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გლდანის ციხეში “ჯოჯოხეთურ გარემოში” არიან, ერთ-ერთმა მათგანმა კი თვითმკვლელობა სცადა.

“ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა დააზუსტა ინფორმაციის დეტალები. აღნიშნულის შემდგომ კი სახალხო დამცველის რწმუნებულები დაუყოვნებლივ შეხვდნენ დასახელებულ ორ პირს, მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით.

ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს“, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს, მათ შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებსა და დაზარალებულებს მოუწოდებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე – 14 81.

მასალების გადაბეჭდვის წესი