ახალი ამბები

აშშ გაითვალისწინებს „ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად — მილერი

28 მაისი, 2024 •
აშშ გაითვალისწინებს „ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას.

„შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხისა, რომელიც რამდენიმე კვირაა ამ კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასებები და ასევე, საქართველოს უახლოესი პარტნიორების მოწოდებები, რომ ეს კანონი გამოიწვევს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს აყენებს რისკის ქვეშ.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პირს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესსა და ინსტიტუტებს საქართველოში, ასევე მათი ოჯახის წევრებს, შეეზღუდებათ აშშ-ის ვიზის მიღება. აშშ ასევე გადახედავს ორმხრივი თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გაითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც იბრძვიან დასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს მმართველებმა, ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, უარი თქვეს, გადადგან ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით“ ,— განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი