ახალი ამბები

ქარტია: მედიასაშუალებები უნდა მოერიდონ წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას

17 ოქტომბერი, 2015 • 1141
ქარტია: მედიასაშუალებები უნდა მოერიდონ წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ გაურკვეველი წარმომავლობისა და ანონიმური წყაროების მიერ ინტერნეტში ატვირთულ მაკომპრომეტირებელ მასალებს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“17 ოქტომბერს ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”. ვიდეო ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს. გამოქვეყნებულ კადრებზე ასახულია მამაკაცის წამება, რის შემდეგაც ის გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. უკვე ცნობილია, რომ კადრების გავრცელების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ონლაინმედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიდეო, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნაწილია.

 

ინფორმაცია მხოლოდ წერილობით, ვიდეომასალის დართვის გარეშე მხოლოდ ქართული საინფორმაციო ვებგვერდების ნაწილმა გაავრცელა.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიასაშუალებებს, მოერიდონ ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის ამგვარი ღირსების შემლახველი ფორმით გავრცელებას; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაურკვეველი წარმომავლობისა და ანონიმური წყაროების მიერ ინტერნეტში ატვირთულ მაკომპრომეტირებელ მასალებს.

 

ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ მომავალი საარჩევნო წლის განმავლობაში, გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გახდება.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მასალების გადაბეჭდვის წესი