ახალი ამბები

მასწავლებლის დღე, ტორტი და მინისტრის ვიზიტი სკოლაში

5 ოქტომბერი, 2010 •
მასწავლებლის დღე, ტორტი და მინისტრის ვიზიტი სკოლაში

დღეს რომ მასწავლებლების დღეა, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილმა არ იცოდა. განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. შესვენების ის ათი წუთი, რომელიც მათ გაკვეთილიდან გაკვეთილამდე აშორებს, ყველაზე ხმაურიანი სწორედ იმ სართულზეა, რომელზეც დაწყებითი კლასებია განთავსებული.

დასვენებაზე 21-ე საჯარო სკოლაში ისეთი ჟივილ-ხივილია, რთულია რამე გაიგონო. ბავშვების ნაწილმა ჩვენგან შეიტყო, რომ დღეს მასწავლებლის დღეა. მათ არ დაიზარეს, მასწავლებლებთან მივიდნენ და დღევანდელი დღეც მიულოცეს.

21-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დღევანდელი დღის შესახებ იცოდნენ, მით უფრო, რომ ისინი დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდნენ. სკოლაში გაკვეთილების მიმდინარეობისას დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე კლასი შემოიარა. მათ შორის ის კლასი, სადაც სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგი გაკვეთილს ატარებდა.

21-ე საჯარო სკოლის 96 პედაგოგიდან 30 სერტიფიცირების გამოცდებზე გავიდა. აქედან 9-მ გამოცდები წარმატებით ჩააბარა, დანარჩენ 21-ს კი გაუჭირდა მეორე ტურის უნარ-ჩვევების გადალახვა.

21-ე საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ქევხიშვილი  იმ ხუთი მასწავლებლიდან ერთ-ერთია, რომელმაც სასერტიფიკატო გამოცდები ყველაზე წარმატებით დაასრულა.

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აღინიშნება, ქევხიშვილი სკოლაში განათლების მინისტრმა მოინახულა და სამინისტროს სახელით საჩუქრები გადასცა: ტექნიკა და ტორტი, რომელიც, დღევანდელი დღის აღსანიშნავად, სამასწავლებლოში შეინახეს.

21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც მეექვსე გერმანული გიმნაზია იყო, უცხო ენებიდან მხოლოდ გერმანული და რუსული ისწავლება.

”თუმცა მშობლებისგან არის მოთხოვნა და შესაძლოა სკოლაში ინგლისური ენის სწავლების შემოღებაზეც ვიფიქროთ”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მიხეილ ლომიძე დარწმუნებულია, რომ მისი სკოლის პედაგოგები კომპიუტერის გამოცდასაც ჩააბარებენ.

”ელემენტარული კომპიუტერი ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელმა იცის. არის კომპიუტერების ოთახი, ასევე ბიბლიოთეკა. მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალებს აკეთებენ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი