ახალი ამბები

პრეზიდენტის სიცრუე, თუ ტექნიკური შეცდომა

5 ოქტომბერი, 2010 • • 1238
პრეზიდენტის სიცრუე, თუ ტექნიკური შეცდომა

პრეზიდენტის პრეს სპიკერი მანანა მანჯგალაძე ნეტგაზეთთან  საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ  ინტერვიუში, რომელშიც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მასწავლებლების ხელფასი 400-600 დოლარია, ტექნიკური შეცდომაა.

”მე მგონი, ეს ტექნიკური შეცდომაა, ლარი უნდა იყოს და არა – დოლარი,” – ამბობს მანჯგალაძე.

უკრაინულ გაზეთ ბულვარ გორდონასთან  მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ამავე გაზეთის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე 28 სექტემბერს  გამოქვეყნდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს:

”ახლა მასწავლებლების ხელფასი (საქართველოში), რომლებიც ინგლისურს და კომპიუტერს ისწავლიან,ოთხას-ექვსას დოლარს აღწევს”.

ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ სინამდვილეში რიგითი მასწავლებლის (საუბარია არასერტიფიცირებულ მასწავლებლებზე) ხელფასი საქართველოში 200–300 ლარის, ანუ დაახლოებით 110–170 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

21-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ლომიძე ამბობს, რომ მის სკოლაში მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 200-300 ლარია.

რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგეგებს, მათთვის სახელფასო დანამატებია გათვალისწინებული, თუმცა ეს დანამატი საქართველოში ჯერ არც ერთ პედაგოგს არ აუღია. მასწავლებლები, რომლებმაც სასერტიფიკატო გამოცდები გაიარეს, პრეზიდენტის ინიციატივით და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამატებით 75 ლარს მიიღებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც მათ ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული, სერტიფიცირებული პედაგოგები სახელფასო დანამატს მომდევნო სასწავლო წლიდან მიიღებენ.

მანანა მანჯგალაძემ კი დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ”იმ ათას სამასმდე პედაგოგს, რომელმაც სერტიფიცირება გაიარა, დამატებთ 75 ლარით გაეზარდა ხელფასი”.

თუმცა 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მისი სკოლის სერტიფიცირებულ პედაგოგებს ეს დანამატი ჯერ არ აუღიათ.

პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თმქით, პედაგოგს, რომელიც კომპიუტერისა და ინგლისური ენის მინიმალურ ცოდნას გამოამჟღავნებს, ხელფასი დამატებით 200 ლარით გაეზრდება. ამის გარდა, სერტიფიცირებულ პედაგოგს მენტორ–მასწავლებლად მუშაობა შეუძლია, რისთვისაც 160–ლარიანი სახელფასო დანამატია გათვალისწინებული.

საერთო ჯამში კი, მასწავლებლის 200- 300 ლარს, რომელსაც ის საათობრივი ანაზღაურებით იღებს, რომ დავუმატოთ ყველა ის სახელფასო დანამატი, რომელსაც სერტიფიცირებული პედაგოგი აიღებს, 640- 740 ლარი გამოდის, ანუ დაახლოებით 350-400  და არა 400–600 დოლარი, რომელსაც, თურმე, საქართველოში ხელფასის სახით პედაგოგები უკვე იღებენ, თუკი პრეზიდენტის მიერ უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამს ვენდობით.

ამავე თემაზე

სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებთან იცრუა

Бульвар Гордона
Бульвар Гордона

მასალების გადაბეჭდვის წესი