საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უხვი ნალექის გამო ქვეანაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს.
შსს-ის განცხადებით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს-ის განცხადებით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქცია-ში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას.