ახალი ამბები

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მედიასაშუალებებზე ზეწოლის ფაქტებზე უმცირესობის განცხადებას

16 ოქტომბერი, 2015 •
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მედიასაშუალებებზე ზეწოლის ფაქტებზე უმცირესობის განცხადებას

საკითხის განხილვის ინიციატორია საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“. პარლამენტის განცხადების პროექტი პარლამენტის წევრებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა გააცნო.

 



“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტი პარლამენტს, გიორგი გაბაშვილმა წარუდგინა#Rustavi2

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Thursday, October 15, 2015

განცხადების პროექტში ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და “იმედზე” პოლიტიკური გადაცემების დახურვის ფაქტებზე, ასევე, ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა გამახვილებული. მასში აღნიშნულია, რომ მედიის გარშემო არსებული ვითარება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ზეწოლის მეშვეობით ცდილობს ქართულ მედიასივრცეში პოლიტიკური დისკუსიის შეზღუდვას, საფრთხის წინაშე აყენებს მედიაპლურალიზმს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენები თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებასა და მის ლეგიტიმურობას.

 

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ტელეკომპანია რუსთავი-2-სა და სხვა მედიასაშუალებებზე განხორციელებული როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვოს, შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია რუსთავი-2-ისა და სხვა მედიასაშუალებების მიმართ. გიორგი გაბაშვილის თქმით, ეს პროცესები ხელისუფლების მიერ მართული და წახალისებულია.

 

გიორგი გაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის თემაზე გაამახვილა. მან ისაუბრა როგორც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დაწყებულ სასამართლო დავაზე, ასევე, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე და აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიზანი მაღალრეიტინგული და კრიტიკული მედიის გაჩერებაა.

 

გიორგი გაბაშვილს პარლამენტის წევრებმა კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, დღეს ხელისუფლებისათვის, ქვეყნისა და მისი დემოკრატიული განვითარებისათვის თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია და არავინ უზღუდავს საქმიანობას რუსთავი-2-ს, თუ ამას თვით ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს. დაისვა კითხვები იმის შესახებაც, თუ რატომ არ გაუჩნდა ამ პოლიტიკურ ძალას რეზოლუციების მომზადების ან განცხადებების გაკეთების სურვილი მაშინ, როდესაც სპეცრაზმის მიერ მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და სხვა ფაქტები.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მოითხოვეს, რომ კარგი იქნებოდა აღნიშნული განცხადება რეზოლუციის სახით მოემზადებინათ.

 

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა დღეს 28 ხმით 32 ხმის წინააღმდეგ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა. ფოტო –  საქართთველოს პარლამენტის ვებ–გვერდიდან.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა. ფოტო – საქართთველოს პარლამენტის ვებ–გვერდიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი