ახალი ამბები

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ბრიფინგი

5 ოქტომბერი, 2010 • • 1165
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ბრიფინგი

საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ლისაბონის სამიტზე მოწვევა მიიღო, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მანჯგალაძემ, ასევე, ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რასმუსენის ვიზიტი და მისი განცხადებები იმის ნიშანია, რომ ნატოს გზავნილები საქართველოსთვის უცვლელი რჩება.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელ სხდომას დაესწრება, რომელიც 5-დან 10 ოქტომბრამდე გაიმართება. სხდომას აშშ–ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი უხელმძღვანელებს.

,,პარტნიორი ქვეყნები თანამშრომლობენ დემოკრატიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. შესაბამისად, სხდომაზე სწორედ ამ მიმართულებით წარმოებული სამუშაოები შეჯამდება’’ –განაცხადა მანჯგალაძემ.

ხვალიდან პრემიერს აშშ-ში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი კონგრესში და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მანჯგალაძის თქმით, განათლების რეფორმები პრეზიდენტისათვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამიტომ, ამ მხრივ, მუშაობა  გრძელდება.

პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, მასწავლებელთა სერტიფიცირება 2014 წლიდან სავალდებულო გახდება.

,,იმ 1300 პედაგოგს, რომელმაც სერტიფიცირება გაიარა, ხელფასი 75 ლარით გაეზარდა. პრეზიდენტის ახალი ინიციატივით კი, ის პედაგოგი, რომელიც ინგლისური ენისა და კომპიუტერის მინიმალურ ცოდნას გამოამჟღავნებს და შესაბამის გამოცდას ჩააბარებს, დანამატი 200 ლარი ექნება’’ – განაცხადა მანჯგალაძემ.

გამოცდები თებერვალსა და მარტშია დანიშნული. მანჯგალაძის თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უკვე მიმართოს განათლების სამინისტროს და მომზადება დაიწყოს.

საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორში მომხდარ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. პრეს–სპიკერის გნმარტებით, საქართველოს ხელისუფლება გმობს ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. პრეზიდენტი აღტაცებას გამოთქვამს იმ წარმატებული რეფორმების გამო, რის შედეგადაც ეკვადორელი ხალხის ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

,,სწრაფვა დემოკრატიული განვითარების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვისადმი საერთოა ამ ზოგადი გამოწვევების წინაშე. საქართველოს პრეზიდენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეკვადორელ ხალხს და დემოკატიულად არჩეულ ხელისუფლებას’’ – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მანვე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია. საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რასაც საქართველო აყენებს.

,,ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს’’ – განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი