ახალი ამბები

“ფინანსური პოლიცია” უნდა გაუქმდეს – თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური ხედვა

13 ოქტომბერი, 2015 • 1559
“ფინანსური პოლიცია” უნდა გაუქმდეს – თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური ხედვა

ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია 12 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ორგანიზებით გაიმართა. ICC სხვადასხვა პარტიის ეკონომიკური ხედვებისა და პროგრამების კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციებისთვის წარდგენას გეგმავს. პირველი მრგვალი მაგიდა “თავისუფალ დემოკრატებთან” გაიმართა.

 

“ჩვენ მომხრე ვართ ლიბერალური, თავისუფალი ეკონომიკის, ჩვენ არ გვწამს სახელმწიფოს, ზოგადად, ჩარევა კერძო ბიზნესში და კერძო ბიზნესის ფუნქციების რაღაც მხრივ აღება,”- განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური გუნდის წევრმა ვასილ რევიშვილმა პრეზენტაციაზე. 

 

მისივე განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” პრიორიტეტები კერძო სექტორის განვითარებას ეფუძნება, თუმცა იქვე რევიშვილმა ისაუბრა იმ სექტორებზეც, სადაც, მისი განცხადებით, სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშომდეს

 

“პირველი, ეს არის სწორი რეგულაციები, რომელიც არ ხდება ერთ დღეში, და მეორე, ეს არის განათლების სფერო, სადაც სახელმწიფო თავდაპირველად მაინც უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში, ხარისხის ამაღლებისა და ბიუჯეტის გაზრდის კუთხით, და ინფრატრუქტუტული პროექტები,”– განაცხადა ვასილ რევიშვილმა. 

 

პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი ინვესტიციების სააგენტო, რომელიც დაკავებული იქნება როგორც ინვესტიციების მოზიდვით, ასევე მათთვის პირობების შექმნით.

 

“მას ექნება დიდი ფუნქციები და ასევ ვთქვათ, დიდი კოორდინაციის მატარებელი სტრუქტურა იქნება. მეორე, ბუნებრივია, განათლება ასევე შემოდის ბიზნესის განვითარების კუთხით და 50%–მდე გავზრდით განათლებაში სახელმწიფოს წილს, რომ კვალიფიციური გარემო შევქმნათ ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის და, რაც მთავარია, დაცულობა და საგადახადო სისტემის პროგნოზირებადობა,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციაზე.

ირაკლი ალასანია ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციაზე. ფოტო ფეისბუკის გვერდიდან –
ირაკლი ალასანია ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციაზე. ფოტო ფეისბუკის გვერდიდან – ‘ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’

“თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური ხედვის თანახმად, ამოცანად ისახავენ, რომ 2016-2020 წლებში, 3-6% ინფლაციის პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 7-9%-ს უნდა შეადგენდეს. “თავისუფალი დემოკრატები” აცხადებენ, რომ  1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დღევანდელი 6 000 ლარიდან 12 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს და ასევე, უნდა გაორმაგდეს საშუალო ფენის წლიური 20 000 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობა, რომელთა წილი დღეს 15%-ია.

 

ამ დასახული მიზნის მისაღწევად, ეკონომიკური ხედვის მიხედვით, უნდა მოხდეს დასაქმებისა და ბიზნესის მომგებიანობის ზრდა, ინვესტიციების ზრდა და ექსპორტის გზა. განსაკუთრებით კი, “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების მექანიზმი. 

 

ეკონომიკურ ხედვაში აღნმიშნულია, რომ  პროგრამული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ფორმირებისას უნდა მოხდეს დაგეგმილი და არა სპონტანური ზრდა.

 

“ანუ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში ფისკალური დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლები იქნება. ასეთი მიდგომით ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მდგრადი იქნება,”- აღნიშნულია ეკონომიკური ხედვის დოკუმენტში.

 

გარდა ამისა, “თავისუფალი დემოკრატები” აცხადებენ, რომ ხარჯვით ნაწილში აქცენტი გაკეთდება მინიმალურ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და სახელმწიფოს მიერ  მხოლოდ იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ეკონომიკურად ეფექტურია  და რომელთაც კერძო სექტორი არ ახორციელებს.

 

წარმოდგენილი ეკონომიკური ხედვის თანახმად, საგადასახადო სისტემა გამჭვირვალე და არაორაზროვანი უნდა იყოს.

 

“საგადასახადო ადმინისტრირება უნდა ემსახურებოდეს საგადასახადო დისციპლინის შენარჩუნებას და არა ბიუჯეტში ნაკლული თანხების “ამოღებას”,”- წერია პროგრამაში.

 

ამ მიზნის მისაღწევად, ეკონომიკური ხედვის თანახმად, რიგი ცვლილებები უნდა გატარდეს, მათ შორის, უნდა გაუქნდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; უნდა მოხდეს გადასახადის შეცდომით არასწორად გადახდის დეკრიმინალიზაცია; ასევე, დაუშვებელი უნდა იყოს შემოსასვლების სამსახურის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საბანკო ანგარიშების გაყინვა/დაყადაღება.

 

გარდა ამისა, ეკონომიკურ ხედვაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს რეინვესტირების სტიმულირება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; ინვესტიციების ხელშეწყობა, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის ხელშემწყობი გარემოსდაცვითი მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვა; ტექნიკური განათლების დონის ამაღლება და ა.შ.

 

 

თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციაზე. ფოტო ფეისბუკის გვერდიდან –
თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციაზე. ფოტო ფეისბუკის გვერდიდან – ‘ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’

საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა დავით ონოფრიშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროგრამა, ბევრი ახალი ნიუანსის გარდა, შეიცავს ძველ დაპირებებსაც, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური პარტიები არ ასრულებდნენ.

 

“ჩვენ პრინციპულად ვემხრობით იმას, რომ მოგების გადასახადი რეინვესტიციის ნაწილში არ უნდა იბეგრებოდეს, ამის შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ასევე, უნდა განვითარდეს საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, უნდა გატარდეს საპენსიო რეფორმა, რომელსაც კოალიცია “ქართული ოცნება” ჰპირდებოდა ამომრჩეველს,”- ამბობს დავით ონოფრიშვილი.

 

მისივე განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები კვლავ ერთგულნი არიან იმ საარჩევნო პროგრამისა, რომლითაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა.

“ჩვენ ხელმოწერას იმ პროგრამაზე ვეთანხმებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, კოალიციის მთავრობამ გვერდზე გადადო ეს პროგრამა და სერიოზული აცილებაა დღეს იმ ეკონომიკურ პოლიტიკაში, იმ ნაბიჯების გადადგმაში, რასაც მთავრობა აკეთებს, ვერ აბამს თავს ელემენტარული საკითხების გადაწყვეტას, პრობლემებთან, გამოწვევების დაძლევას და რეალურად აცდენა არის იმასთან, რასაც შეპირდნენ,”- ამბობს ონოფრიშვილი.

 

ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი და ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ხედვა განსხვავდება კოალიციის პროგრამისგან, რადგან აქ “ზედმეტი დაპირებები” არ არის. 

 

“იმდენად გადაამლაშა “ქართულმა ოცნებამ” დაპირებებში და იმდენად სახელი გაიტეხა, ასე ვთქვათ, რომ ალბათ ყველა პარტია შეეცდება, არ გაიმეოროს ის შეცდომა. როდესაც არარეალისტური დაპირებები იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან გახმოვანებული, ეს იმავე წუთას გაახსენებს იმ ცუდ რეალობას, რაც მივიღეთ ძველი წინასაარჩევნო დაპირებების არა მარტო შეუსრულებლობის, თუნდაც შესრულების გამო, იმავე ენერგეტიკული ტარიფის კლების და სხვა, ერთი შეხედვით, “სასიამოვნო” გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდეგ ქვეყანას შემოუბრუნდა ძალიან ცუდად. ასე რომ, ეს არის ზომიერების დემონსტრირება, რაც მისასალმებელია და მე მგონია, რომ სხვა პარტიებიც ამას გაითვალისწინებენ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი