თბილისის მერმა კახა კალაძემ „სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას რუსთაველზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
კალაძის მტკიცებით, „ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან“.
„ამის დამადასტურებელი იყო რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პოლიტიკოსი ჩავიდეს და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ? ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერც ერთმა და ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედოს, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე თითქოს უნდა დათმოს სუვერენიტეტი“, — განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას, რომ რომ ევროკავშირის წევრობა გულისხმობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას.
„მე ვსაუბრობ იმ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულმა ყმაწვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ზუსტად მაგის [ლანდსბერგისის] განცხადებაზე, რომ საქართველომ უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თუ უნდა ევროკავშირის წევრობა და არ ვაპირებთ [დათმობას], რატომ უნდა დავთმო, ჩემი კულტურით, ტრადიციებით, სახელმწიფოებრიობით მინდა ევროპული გაერთიანება და ევროპული მომავალი“, — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ვერ უპასუხა კითხვას, გაეროში გაწევრიანებით დათმო თუ არა სუვერენიტეტი სახელმწიფომ.
სახელმწიფოს სუვერენიტეტი გულისხმობს შიდა საქმიანობაში და საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლობას. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში არ არსებობს ისეთი აბსოლუტური სუვერენიტეტის ცნება, რომ სახელმწიფო თან იყოს გლობალური სიკეთეების მონაწილე, იღებდეს საერთაშორისო დახმარებებს და, ამავდროულად, უარს აცხადებდეს იმ ჩარჩოებში მოქცევაზე, რომელშიც სუვერენულ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ქცევის ნორმები და საერთაშორისო ორგანიზაციები აქცევს. სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებები თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში (ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო და სხვა) მონაწილეობა გარკვეულწილად წარმოადგენს საკუთარი სუვერენული უფლებების ნებაყოფლობით შეზღუდვას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს.
რა თქვა ლანდსბერგისმა სუვერენიტეტზე?
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. მაგალითად მოიყვანა აზერბაიჯანი, რომელიც არ არის ევროკავშირის გზაზე და არც არავინ აიძულებს რამე კანონის მიღებას. ასევე დიდი ბრიტანეთი, რომელსაც სრული სუვერენიტეტი სურდა და ევროკავშირიდან გავიდა.
„ჩვენ გვითხრეს დღის განმავლობაში, რომ არსებობს ძალიან მინიშვნელოვანი კითხვა სუვერენიტეტთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად შეადგინოს საკუთარი კანონები და რომ არცერთ სხვა ქვეყანას ამის აკრძალვა არ შეუძლია. ჩვენ მოგვიწია ძალიან მკაფიოდ განგვემარტა, რომ ჩვენ არაფერს ვარღვევთ და არაფერს ვაიძულებთ, მაგრამ არის გზა, რომელიც ზოგიერთმა ქვეყანამ აირჩია, მათ შორის თქვენს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაშიც. ეს ქვეყნები არ არიან დაინტერესებული, რამე საქმე ჰქონდეთ ევროკავშირთან. მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი და ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ მათთან შეთანხმებაზე, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. არავინ აიძულებს აზერბაიჯანს, მიიღოს რამე კანონი, მაგრამ არის აზერბაიჯანი ევროკავშირის გზაზე? — არა.
ასე რომ, როდესაც შენ ადგახარ ევროკავშირისკენ გზას, თუ შენ გადაწყვიტე, ამ გზით იარო, მაშინ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები, ვიდრე ამ გზით მიდიხარ. გულწრფელად გეტყვით, პირველი ნაბიჯები არც ისე რთულია, შემდეგ ეს უფრო გართულდება. ჩვენ ვიცით, რადგანაც ეს გამოვიარეთ. ეს არ არის მარტივი, რადგან ამ გზის ბოლოსკენ შენ უკვე ნამდვილად იწყებ საუბარს სუვერენიტეტზე. ვაჭრობა არის საკითხი, რომელსაც თმობ და სრულად კომისიის კომპეტენცია ხდება.
მე არ ვარ დაწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. ეს ასე მუშაობს. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ მათ სჭირდებათ სრული სუვერენიტეტი, მთლიანი მანდატი და ამ სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ უნდა გადასცენ ბრიუსელს და მათ დატოვეს ევროკავშირი. ეს შესაძლებელობა არსებობს. ცუდია თუ კარგი ეს გადაწყვეტილება, ასეთი შესაძლებლობა არსებობს. კიდევ ერთხელ, ორივე ერთად ვერ გექნება, ეს ყველაფერი ასე არ მუშაობს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.