“[საკონსტიტუციო სასამართლოს] როდისმე გაუწყვეტია კავშირი [ნაციონალურ მოძრაობასთან]? თქვენ რატომ ვერ ხედავთ? თვითონ კარნახიც არ სჭირდება მათ ნაწილს”, – ასე უპასუხა თამაზ მეჭიაურმა კითხვას, თუ რატომ ხედავს კავშირს ნაციონალურ მოძრაობასთან.
თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში გარკვეულ არასტაბილურობას გამოიწვევს.
“ისეთ კრიზისს არ გამოწყევს, როგირც მათ უნდათ, რომ გამოიწვიოს. ელემენტარულად, გარკვეული გაუგებრობა არასტაბილურობას იწვევს, ესეც მიმართულია ამისკენ… რა აუცილებლობა იყო [მისი საქმიანობის შეჩერება], ჯერ წესიერად არ შედგომია საქმიანობას ზედამხედველობის სააგენტო”, – განაცხადა პარლამენტარმა.
დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა დროებით შეაჩერა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) სარჩელის საფუძველზე გამოიტანა.
მოსარჩელე დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით შეაჩერა სააგენტოს საქმიანობა, რადგან “სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისთვის გამოუსწორებელი შედეგი.”
კანონპროექტი ავტორი, რომლის მიხედვითაც, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა, პარლამენტარი თამაზ მეჭიაურია.