ნეტგაზეთი | საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან – Netgazeti
RU | GE  

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

დღეს 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. წარმოდგენილი იყო 5 ძირითადი საკითხი, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ.

 დღეს 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. წარმოდგენილი იყო 5 ძირითადი საკითხი, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ.

მეექვსე – საარჩევნო გარემო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხია, რომელიც დღეს არ განხილულა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ეს ის საკითხებია, რომლებზეც  პარტიებმა–ეროვნულმა ფორუმმა, პარტიამ ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკურმა პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა, ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ, კონსერვატორებმა, პარტიამ საქართველოს გზა და ხალხის პარტიამ –დღეს ერთობლივი ხედვა წარმოადგინეს.

გარდა 8 პარტიისა, დღევანდელ პრესკონფერენიაზე სხვა კვალიფიციური სუბიექტებიც იყვნენ დაპატიჟებული, თუმცა ლეიბორისტები და კონსტანტიტე გამსახურდიას პარტიის წევრები შეხვედრაზე არ გამოჩენილან. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ პაატა დავითაიას და ჯონდი ბაღათურიას პარტიის წარმომადგენლები.

ცვლილებების პაკეტის მომზადებას წინ უსწრებდა პოლიტიკური პარტიების შეხვედრები და ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბების პროცესი. საბოლოო ჯამში კი შეთანხმება შედგა. მას შემდეგ, რაც საკითხის ერთგვარი ჩარჩო ყალიბდებოდა, საკითხების წარმდგენლები, პოლიტიკური პარტიების სხვა წევრებთან ერთად, კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდნენ და მათ ერთობლივად განიხილავდნენ.

პარტიებმა ორი კვირის წინ პარლამენტში 130 ათასი ხელმოწერა  იმ მიზნით შეიტანეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის  ბიომეტრიის მონაცემები იყოს გამოყენებული.

ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემაშიც. არსებული კოდექსით,  პროპორციული  სისტემით 75 დეპუტატი ირჩევა, 75 კი – მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

ცვლილებების მიხედვით კი, რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს: 75 პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 75 რეგიონალურ-პროპორციული სისტემით. კიდევ ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო ოლქებს, სადაც მანდატების რაოდენობა  ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დგინდება. ორივე სისტემისთვის მინიმალური ბარიერი  5%–ია.

რას ნიშნავს მანდატები ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით? – პრინციპი ასეთია: თუ საარჩევნო ოლქში 100 ათასამდე ამომრჩეველია, ის ოლქი პარლამენტში 2 მანდატს მიიღებს. თუ ოლქში 100 -200 ათასამდე ამომრჩეველია, ის 3 მანდატს მიიღებს, ხოლო 200 ათასიდან ზემოთ – 4 მანდატს.

ამ პრინციპის მიხედვით, სხვადასხვა დიდ ქალაქსა თუ რეგიონს  საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა რაოდენობის დეპუტატი ეყოლება.

მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი, რომელიც აღნიშნული საკითხის მომხსენებელი იყო, ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში  163 ათასი ამომრჩეველია, საქართველოს პარლამენტში მათ 4 მანდატი უნდა ჰქონდეთ. ამ პრინციპის მიხედვით, ერთი მანდატი დააკლდება რაჭა-ლეჩხუმს, სადაც 3-ის ნაცვლად, რეგიონს 2 დეპუტატი ეყოლება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ცვლილებების მიხედვით, თბილისს საქართველოს პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება.

”მონაცემები, რომ თბილისს ჰყავდეს 20 დეპუტატი, აღებულია შემდეგნაირად: საერთო ამომრჩევლის 27,3%, პროპორციული ანგარიშის მიხედვით, მოდის თბილისზე”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.”

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, რომელიც აღნიშნულ შეკრებას ესწრებოდა, რამდენიმე შენიშვნით გამოვიდა. მისი კითხვები ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებს: იყო თუ არა მათი ფაქტორი გათვალისწინებული დაყოფის ამ პრინციპში, ასევე, დევნილების საკითხს და საზღვრისპირა რეგიონების ფაქტორებს.

არსებულ კანონში არაფერია ნათქვამი ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მისი აზრით, კანონში უნდა მოხდეს ჩანაწერის გაკეთება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, კანონი გადაიხედოს.

”მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ დევნილების საკითხზე არ გვიფიქრია. იყო ინიციატივა, რომ დევნილებისთვის ცალკე საარჩევნო ოლქები გაგვეკეთებინა, თუმცა ამ პროცესს დიდი პრობლემები ახლავს – ის, რომ რთულია აღრიცხვა საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ცხინვალში და აფხაზეთში ცხოვრობენ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც 8 ოპოზიციურმა პარტიამ ოლქების დაყოფის პრინციპისთვის გამოიყენა, 2010 წლის საარჩევნო სიებს ემყარებოდა.

 

კახა კუკავა ზვიად ძიძიგური
კახა კუკავა ზვიად ძიძიგური

ეს ის სიებია, რომლებშიც ეჭვი შეაქვთ ოპოზიციურ პარტიებს. ამ მიზეზით, ერთ-ერთი ცვლილება, სწორედ ამომრჩეველთა სიებს ეხება.

მთავარი  ცვლილება არჩევნებში ბიომეტრიის გამოყენებაა. რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მეთოდად გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ბიომეტრული მონაცემები (თითების ანაბეჭდები და პირისახის ბიომეტრული სურათი).

პროცედურულად კი ასე მოხდება: სახელმწიფო უზრუნველყოფს პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრული მოწმობების გაცემას, დასაწყისში – უფასოდ. სამოქალაქო რეესტრი აღრიცხავს მათ, გასცემს მოწმობებს და 18 წლის ასაკის მოქალაქეთა მონაცემებს არჩევნების დღისთვის ცესკოს გადასცემს. თავის მხრივ, ცესკო, მონაცემების საფუძველზე, ადგენს საარჩევნო სიას და  ნებისმიერი სუბიექტისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

მომზადების სავარაუდო დროდ 2-3 თვეა მოცემული. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს დრო სავსებით საკმარისია აღნიშნული პროცედურისთვის.

”ჩვენ არა მხოლოდ თავად დავთვალეთ, ვნახეთ,  თუ რა დრო დასჭირდა სხვა ქვეყანაში ამ პროცესს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობა 3-4 ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე, პროცესისთვის 2-3 თვე საკმარისი იყო”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

რაც შეეხება ბიომეტრული მონაცემების საჯაროობას, შეკრებაზე ითქვა, რომ ბიომეტრული მონაცემები, რომლებიც ელექტრონული სახით იარსებებს,  კონფიდენციალური იქნება.

ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებს (მონაცემთა ბაზას) ცესკო განათავსებს ორ ცენტრალურ სერვერზე: ძირითადზე, რომელიც მდებარეობს ცესკოში და სათადარიგოზე, რომელიც იარსებებს სხვა სახელმწიფოში.

„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა მოხსენებაზე არჩევნების დღესთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

არჩევნების დღე, ცვლილებების მიხედვით, სრულიად განსხვავდება იმ პროცესისგან, რომელიც დღეს არის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული. არჩევნების დღეს აქტიურად გამოიყენება კომპიუტერები, რომლებიც ირთვებიან საარჩევნო უბნის გახსნისთანავე. მათ მიუერთდება შესაბამისი უბნისთვის განკუთვნილი გადასატანი მეხსიერება. დგინდება რა ამომრჩევლის სრული შესაბამისობა არსებულ მონაცემებთან, საარჩევნო კომისიების კომპიუტერები მზად არიან კენჭისყრის პროცედურის დაწყებისათვის.

გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი, ასევე, გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს ოპოზიციურმა პარტიებმა ცალკე თავი მიუძღვნეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 კვალიფიციური სუბიექტისგან შედგება. ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურა, პროფესიული ნიშნით, 6 წევრისგან შეირჩევა. 3 კანდიდატურიდან ერთ-ერთს ცესკოს თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

 საოლქო კომისია, ცვლილებების მიხედვით, 7 პარტიული და 6 პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრისგან შედგება.

ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო დავების განხილვის სისტემაა. საარჩევნო დავების განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში შეიქმნება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი. საარჩევნო დავების განსახილველად, შეიქმნება კოლეგიები მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. საარჩევნო მსაჯულების ძირითადი ნაწილი შეირჩევა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და სათანადო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

შეხვედრა, რომელიც 8 ოპოზიციურმა პარტიამ გამართა, ღია იყო სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, ექსპერტებისთვის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრესკონფერენციის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ყველასთვის ღიაა.

”ჩვენს მიერ წარმოდგენილი საერთო ხედვა არ ნიშნავს, რომ კარი დახურულია და არ შეიძლება მოცემულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მთავარი კითხვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ იყო დასმული, ხელისუფლების მხრიდან ცვლილებების გაზიარების ალბათობას ეხებოდა.

”როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ამ დოკუმენტზე, ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, თუ რამდენად იქნებოდა ეს მოლაპარაკებადი, გათვალისწინებადი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არანაიარი კაპიტულანტური განწყობა ჩვენ არ გვაქვს, რომ ოღონდ ხელისუფლებას მოეწონოს და ყველაფერზე თანახმა ვართ, ასე არ არის. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, პირველი – სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მეორე – კომპეტენტური საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის გათვალისწინება და მესამე – შეთანხმებადობის მაღალი ალბათობა სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალასთან”,-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეხვედრა, რომელიც დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხში გაიმართა, საღამოს ხუთ საათამდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე