საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, საბჭომ განიხილა და დაამტკიცა სააგენტოს დებულება, სტრუქტურა და სააგენტოს ბიუჯეტი.
კოვზანაძის განცხადებით, გარდამავალი პერიოდი 1 თვის ნაცვლად იქნება 4 თვე.
“ამ 4 თვის განმავლობაში იქნება ერთობლივი მუშაობა სააგენტოსი და ეროვნული ბანკის. ხოლო 4 თვის თავზე სრულად პასუხისმგებლობას საფინანსო ზედამხედველობის საკითხებში აიღებს სააგენტო. ჩვენ ამ თვალსაზრისით თხოვნით მივმართეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომ გარდამავალი პერიოდი ნაცვლად 1 თვისა იყოს 4 თვე. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თხოვნა და რეკომენდაცია და ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება”, – განუცხადა “იმედს” ირაკლი კოვზანაძე.
სხდომას არ დასწრებია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რადგან მან მხოლოდ გუშინ გაიგო სხდომის დანიშვნის შესახებ, განმარტა ეროვნულმა ბანკმა.
2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.









