პარტიები “ლელო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.
“ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან საქართველოს ოკუპანტს, რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა, ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.
ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია. დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში. ქართული ოცნება ძალადობს ყველგან, აქციებზე, ქუჩებში, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რეჟიმის უკანასკნელი მცდელობები.
ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს – მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია. როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში”, – ნათქვამია პარტია “ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოიკოტს აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” და გარდა პარლამენტისა, ბოიკოტის რეჟიმში გადადის საკრებულოების მასშტაბითაც.
“ივანიშვილმა ქვეყანაში გააფორმა რუსული რეჟიმი. ამ კანონის მიღება ნიშნავს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას, ამიტომ ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას და გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში“ – ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.








