ევროკავშირი გმობს დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ საქართველოში.
ამის შესახებ საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ერთგულება და მისწრაფება მათი ქვეყნის ევროპული გზისა და ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი საკუთარი მოსახლეობის მიჯაჭვულობას.
რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების კუთხით, იყო ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ. ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ჩვენ ვნახეთ გუშინ ღამითაც, რასაც მკაცრად ვგმობთ“, — განაცხადა სტანომ.
ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა და გამოიძიოს შესაძლო გადაცდომები.
პიტერ სტანოს ჰკითხეს ევროპარლამენტარების მიმართვაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეპ ბორელის მიმართ, რომ დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისადმი.
„სანქციები არ არის უმაღლესი წარმომადგენლის გადასაწყვეტი. სანქციები წევრი ქეყნების გადასაწყვეტია, როცა არსებობს კონსენსუსი, რომ სხვა არაფერი გამოიღებს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე.
საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ვიმედოვნებთ, მოველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას და შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც მათ აიღეს ნებაყოფლობით, როდესაც გააკეთეს განაცხადი გაწევრიანბაზე.
დილის 09:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონს.
ხელისუფლებამ რუსული კანონი ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა, სადაც მედია შეზღუდულადაა დაშვებული. უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა აკრძალული აქვს ყველა მედიას, გარდა ტელევიზიებისა. მათთვის ნებადართულია მხოლოდ 2 გადამღები ჯგუფის შეშვება.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ერთ-ერთ კარიდან შენობის შესასვლელისკენ მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებოდნენ, თუმცა შენობის ამ ნაწილს სახანძრო მანქანა ჩამოაფარეს.
პარალელურად, პოლიცია გარეთ შეკრებილებს აკავებდა და მათ ნაწილს ფიზიკურად უსწორდებოდა, რისი ამსახველი კადრებიც არაერთმა მედიამ გადაიღო.