ახალი ამბები

უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან – ადვოკატი

9 მაისი, 2024 •
უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან – ადვოკატი

უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის თქმით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, მას უჩა აბაშიძემ უთხრა, რომ ერთ-ერთი ოთახიდან ნივთები მის დაუსწრებლად გაიტანეს.

“ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. მას ყველანაირი იარაღი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჰქონდა კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განაცხადა ჩვენთან, რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი სახლიდან, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს.

გამიჭირდება იმის მტკიცება, მათ იქ რაიმე უკანონო ქმედება – ჩადება განახორციელეს თუ არა, თუმცა სახეზეა უტიფარი კანონდარღვევები”, – ამბობს აბაშიძის ადვოკატი.

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, მთელ ამ პროცესზე დასწრებისა და უჩა აბაშიძესთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ ადვოკატებს, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვად და სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდა.

“ფორთხვით აიყვანეს სახლთან, უარს აცხადებდა სახლში შეეყვანა პოლიციელები”, – ამბობს ადვოკატი აბაშიძის მონათხრობზე დაყრდნობით, როცა მასთან გასაუბრება შეძლო.

უჩა აბაშიძე ანტირუსული პროტესტის აქტიური მონაწილეა. სოციალური ქსელებით ის სისტემატურად აკრიტიკებდა რუსულ კანონს, ხელისუფლების ქმედებებს და პროტესტის მონაწილეებს უზიარებდა რჩევებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობრივი ქმედებებისგან თავის დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი