საზოგადოება

„არ გაიხსნას მოლაპარაკებები“ | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი

24 აპრილი, 2024 • 1602
„არ გაიხსნას მოლაპარაკებები“ | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი

გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

ევროპარლამენტში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, Renew Europe, S&D, PPE და ECR) მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები, შემდეგ კი ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ. საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ, 25 აპრილს უყრიან კენჭს. კენჭისყრაზე შესაძლებელია, საბოლოო ვერსიაში შესწორებები შევიდეს და ტექსტი კიდევ შეიცვალოს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მოამზადოს შუალედური შეფასება საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით.

ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიებისგან განსხვავებით, ერთობლივი რეზოლუციის პროექტში აღარაა მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირების შესახებ და არაა მინიშნება ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე. თუმცა მინიშნებაა ევროკავშირის დაფინანსების შესაძლო გადახედვაზე. ასევე, აღნიშნულია, რომ წინა რეზოლუციებში ევროპარლამენტმა უკვე მოითხოვა ზომების გატარება, რათა შემცირდეს ოლიგარქიული ინტერესების დესტრუქციული როლი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების (როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი) პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში; ასევე, ექსპრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს ჰუმანიტარული ნიშნით.

ევროპარლამენტარების შეფასებით, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს ზომებს, რომლებიც ზღუდავს მათ საქმიანობას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ინიციირებული კანონპროექტი არღვევს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან ორს — სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ნაბიჯი #9) და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (ნაბიჯი #1).

„კანონპროექტი შემოთავაზებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მზარდი თავდასხმების დროს; ასევე, საერთაშორისო დონორების მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის წინააღმდეგ, რისი მიზანიც სამოქალაქო სივრცის შევიწროება და საჯარო სფეროში კრიტიკული ხმების გაჩუმებაა. ეს კანონპროექტი ბოლოა საქართველოს მთავრობის წინასაარჩევნო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივების სერიიდან, რომელიც ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს „ლგბტ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად და გენდერული კვოტების გაუქმებას პარლამენტის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის, მისი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:

  1. კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის შემობრუნებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას უზღუდავს;
  2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
  4. დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს კანონპროექტის მიღება, მთავრობას კი— შეასრულოს 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულება კანონპროექტის უპირობოდ გაწვევის შესახებ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, შესაბამისად კი —ევროკავშირის წევრობის (კოპენჰაგენის) კრიტერიუმებს;
  5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და მართლმსაჯულების რეფორმები, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე;
  6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;
  7. მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისადმი არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
  8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის;
  9. გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს ძალიან საკამათო მსგავსი რუსული კანონმდებლობისგან, რომელიც ასევე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ოპონენტთა ხმების ჩასახშობად;
  10. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში;
  11. შეახსენებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისას აღებული ვალდებულებების შესახებ და მოუწოდებს, იგივე გააკეთონ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა გაფართოების საკითხებში;
  12. იწვევს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  13. მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანონპროექტის მიღებას ევროკავშირის დაფინანსებაზე.
  14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას და რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობების სრულად განხორციელება;
  15. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მისი სურვილისადმი, იცხოვროს აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერის აღიარების სურვილით;
  16. მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო მისია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად;

მასალების გადაბეჭდვის წესი