ახალი ამბები

პენსიაზე გაშვება რუსულად

30 სექტემბერი, 2010 • 1360
პენსიაზე გაშვება რუსულად

28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თვრამეტწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტს ანალიტიკოსთა უმრავლესობა სხვადასხვანაირად აფასებს, თუმცა სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, საინტერესოა, თუ რა მოვლებენი უსწრებდა წინ ამ ყოველივეს.

იური ლუჟკოვი, რომელიც მოსკოვის მერის თანამდებობაზე 1992 წელს ელცინმა დანიშნა, 2010 წლის სექტემბრამდე მყარად ინარჩუნებდა თანამდებობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 3–ჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე,  2007 წელს კი, მერის არჩევნების გაუქმების შემდეგ, პუტინმა ის   კვლავ მერად დანიშნა.  მან 3 პრეზიდენტის, 6 პარლამენტის და 10 პრემიერის მმართველობის განმავლობაში მოახერხა მერად დარჩენა. აი, უკვე მედვედევთან სერიოზული დაპირისპირების გადალახვა კი ვეღარ შეძლო. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისშივე კეთდებოდა პროგნოზები, რომ იგი თანამდებობის შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებდა.

რუსეთშიც და უცხოეთშიც ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ გავლენიანი პრემიერი მის გადარჩენას შეძლებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში სწორედ პუტინი იყო დაინტერესებული მერის “თავიდან მოცილებით”.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პუტინმა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით, ბრძოლა გამოუცხადა ელცინის პერიოდის ოლიგარქებსა და რეგიონების გუბერნატორებს, რომელთა დიდმა ნაწილმა თავის დროზე კარგად ისარგებლა საბჭოთა კავშირის დაშლით და ათასგვარი მაქინაციით სერიოზული კაპიტალისა და გავლენის მოპოვება მოახერხა. რაც უფრო იზრდებოდა პუტინის ძალაუფლება, მით უფრო გავლენიანი ოლიგარქები ხვდებოდნენ “სახელმწიფოს მტრების” სიაში. ბევრი შეეწირა კრემლთან ბრძოლას, ბევრმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველა, ისეთებმა კი, ვისაც არც გავლენა აკლდა, არც მოხერხება და არც გამჭრიახობა, ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩადგომით შეძლო თავის გადარჩენაც და კაპიტალის გაზრდაც. ერთ–ერთი მათგანი იყო იური ლუჯკოვიც, თუმცა მოგვიანებით პუტინმა კონფორმისტი ოლიგარქებიც შეავიწროვა და თანდათან ჩამოიცილა. ლუჟკოვის  სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ყველაზე დიდხანს “გაქაჩა”. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ლუჟკოვის გადარჩენა არ იყო მხოლოდ ახალ მთავრობაზე “მორგებით” გამოწვეული. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მან საკმაოდ სერიოზულად მოიკიდა ფეხი მოსკოვში, რომელიც საკუთარ სამფლობელოდ და აუღებელ ციტადელად აქცია.

როგორც კრემლის პოლიტიკურ საკითხებში კარგად ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, პუტინს თავიდანვე ძალიან აღიზიანებდა ლუჟკოვის უზომო და კიდევ უფრო მზარდი გავლენა, მაგრამ მასთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობდა რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ლუჟკოვი გავლენით მეორე ფიგურა იყო რუსეთში და კგბ-ს ყოფილმა აგენტმა კარგად იცოდა, რომ პირველსა და მეორეს შორის ბრძოლით ყოველთვის მესამე სარგებლობს. ზუსტად ამ “მესამეების” განადგურება დაიწყო პუტინმა, მოსკოვის მერი კი თავის ნებაზე მიუშვა, თუმცა ოლიგარქების განადგურება ავტომატურად ლუჟკოვთან ბრძოლისთვის პოზიციების გამყარებასაც ნიშნავდა;

 2. ლუჟკოვი გახლდათ რუსეთის მმართველი და პუტინის დასაყრდენი, პარტიის “ერთიანი რუსეთის” ერთ–ერთი დამფუძნებელი და გავლენიანი ფიგურა. აქედან გამომდინარე, მას პარტიაშიც შეეძლო პუტინისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა;

3. ლუჟკოვი ითვლება მოსკოვის დაჯგუფებად ცნობილი კრიმინალური სინდიკატის ლობად პოლიტიკაში და მათი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დაჯგუფება კი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ერთ–ერთ ყველაზე დაუნდობელ ძალად ითვლება;

4. ყოფილ მერს საბანკო და მედია სექტორში საკმაოდ დიდი კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული, ორივე ზემოხსენებული სისტემა კი სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ სერიოზულ იარაღს წარმოადგენს, გარდა ამისა, ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის სამშენებლო ბიზნესის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ქალია;

5 “ხელი ხელს ბანს” პრინციპით პუტინი ხშირად სარგებლობდა ლუჟკოვის “სამსახურით”. სწორედ ამის გამო თვლის ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად და ამის არგუმენტად 2007 წელს მისი კვლავ მერად დანიშვნა მოჰყავთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, ეს პუტინის იძულებითი ნაბიჯი იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლუჟკოვს უბრალო მოსახლეობის ნაწილიც უჭერს მხარს. მას თვლიან ადამიანად, რომელმაც საბჭოთა რუხი მოსკოვი მსოფლიო დონის კაშკაშა მეგაპოლისად აქცია.

2010 წელს კი დადგა ის დრო, როცა ლუჟკოვის საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩამოცილება შეიძლებოდა, თან ეს ყოველივე მედვედევის ხელით გაკეთდებოდა და მთავარი შემოქმედი ჩრდილში დატკბებოდა სასურველი შედეგით. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. მაშინ, როცა კრემლის კონტროლირებადი მასმედიის საშუალებით ლუჟკოვზე სერიოზული “დარტყმები” მიდიოდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ-პრემიერის კონფრონტაციაზე საუბრობდა, პუტინი  საკმაოდ ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა-ერთის მხრივ, ის მედვედევის ქმედების ლეგიტიმურობაზე საუბრობდა, მეორეს მხრივ კი, ხაზს უსვამდა ლუჟკოვის დიდ ღვაწლზე მოსკოვის განვითარებაში.

ასე რომ, პუტინი კიდევ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული საკმაოდ სახიფათო თამაშიდან და მან არა ორი, არამედ რამდენიმე კურდღელი დაიჭირა ერთად: 1. თავიდან მოიცილა არასასურველი ფიგურა. 2. ეს ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთა. 3. ლუჟკოვის მხარდამჭერთა აგრესია მედვედევის მხარეს მიმართა. 4. რუსეთის მტრებს თითქოსდა მას და მედვედევს შორის არსებული დაპირისპირება დაანახა. 5. დასავლეთსა და მოსახლეობის ნაწილს დააჯერა, რომ ქვეყენაში არა ვერტიკალური ავტორიტარული რეჟიმი, არამედ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არსებობს, რომლებსაც განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება და რეალობაში გატარება შეუძლიათ.

რაც შეეხება ლუჟკოვს, სექტემბერში მასზე მიტანილი სატელევიზიო იერიშის შემდეგ, პრეზიდენტმა მას ერთკვირიანი შვებულების აღება ურჩია, რაც მოსაფიქრებელი დრო იყო იმისთვის, რომ მერს თავად დაეტოვებინა თანამდებობა. მაგრამ მედვედევს იმედი გაუცრუვდა – ავსტრიის კურორტიდან დაბრუნებული ლუჟკოვი მოვალეობის შესრულებას ჩვეულად შეუდგა და პრეზიდენტს საყვედურის წერილიც კი მისწერა, მედიით მისი დისკრედიტაციის მცდელობის გამო. აქ კი მედვედევს უკან დახევა აღარ შეეძლო და მერი გაათავისუფლა, ოფიციალურ მიზეზად კი ნდობის დაკარგვა დაასახელა. ამავდროულად, ლუჟკოვს მეორე ბერკეტიც გამოაცალეს ხელიდან, ყოფილ მერს მმართველი პარტიის რიგების დატოვებაც მოუხდა.  ამ ორ მოვლენას კი ის ფაქტი აკავშირებს, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, ლუჟკოვი პარტიის საშუალებით აპირებდა მერის არჩევითობის საკითხის გატანას, ეს კი მას თანამდებობაზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა.

ახლა საინტერესოა ლუჟკოვის პასუხი ამ ყველაფერზე – ანუ ქუდს დაიხურავს იგი და ჩამოცილდება  აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ მედვედევისთვის სამაგიეროს გადახდას შეეცდება.

მას ერთი “კოზირი” კი ნამდვილად გააჩნია: სოჭში გასამართი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მთელი კომპლექსის მშენებლობა მისი მეუღლის ხელშია და არ არის გამორიცხული, კრემლს სამაგიერო იმით გადაუხადოს, რომ მსოფლიო მასშტაბით სირცხვილი აჭამოს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მშენებლობები სოჭში გაწერილ დროს საკმაოდ არის ჩამორჩენილი და მხოლოდ რაღაც სასწაული თუ მოახერხებს მის დათქმულ დროზე ჩაბარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი