ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს

30 სექტემბერი, 2010 • 1188
საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლის ტერიტორიაზე საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ რეგირებისკენ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ დღევანდელ ბრიფინგზე მოუწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, ამზადებს თუ არა სამინისტრო რაიმე მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით.  სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ვეკუამ ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში განაცხადა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე არ მოუწოდებია.

,,ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. როგორც წესი, ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით ქვეყნდება ხოლმე განცხადება ან გამოხმაურება. ჯერ ჩვენს ვებ–გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს, სამინისტროს ადმინისტრაციას არაფერი მოუწოდებია,’’ – ამბობს ვეკუა.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავჯდომარემ, შოთა მალაშხიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსების მიერ საზღვრების გაფართოების შესახებ.

მალაშხიას თქმით, 29 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების დაკავება და ოკუპირებული ზონის გაფართოება დაიწყეს. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სამსახურები სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ სოფლებში ქვემო და ზემო ნიქოზი, არბოში, დიცსა და ქორდაში.

,,მიტაცებულია ოცდაათ ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საძოვრები, სარწყავი არხი, წყლის ჭაბურღილი და რამდენიმე ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლები’’, – ამბობს მალაშხია.

კომისია აღნიშნულ ფაქტს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას უწოდებს.

გუშინ,  დაახლოებით  საღამოს 18.00  საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა.

თავდაპირველად გავრცელებული  ინფორმაციით, ”რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ”საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები” ჩაატარეს  სოფლებში: ზემო და ქვემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.

ამ ინფორმაციის მიხედვით,  ნიქოზში მათ 25 ჰა მიწა მიიტაცეს, დიცში სამი ოჯახის კუთვნილი სახლები და ხეხილის ბაღის ნახევარი საკუთარ ტერიტორიად მონიშნეს, ხოლო არბოში მოსახლეობის კუთვნილი 5 ჰა მიწა დაიკავეს. ასევე საძოვრები, სარწყავი არხი,  ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი და ნახევარი ჰა მიწა სოფელ ქორდიში.

მოგვიანებით, დაახლოებით 19.30 საათისთვის,  შსს-ს ინტერნეტ გვერდიდან აღნიშნული ინფორმაცია გაქრა. ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც საზოგადოებრივი მაუწყებელს, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებას საღამოს 8 საათზე იწყებს, არც ტელეკომპანიებს ”იმედსა” და რუსთავი 2”-ს.

დაახლოებით 21:00 საათისთვის კი შსს ოფიციალურ  გვერდზე ინფორმაცია ისევ გამოჩნდა, თუმცა შეცვლილი შინაარსით. ახლა ინტერნეტ გვერდი police.ge წერს, რომ რუსეთის ჯარებმა შიდა  ქართლში უკანონო სადემარკაციო სამუშაოები განახორციელეს.

ამ ინფორმაციას მოყვება შეფასებითი ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარი პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

არაფერია ნათქვამი კონკრეტულ სოფლებსა და მდგომარეობაზე შიდა ქართლის 5 სოფელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი