საზოგადოება

აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან

19 აპრილი, 2024 • 1812
აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან

პარლამენტთან მიმდინარე წინასწარ დაუორგანიზებელ აქციაზე მომიტინგეებმა რუსთაველი გამზირი გადაკეტეს და ამჯერად იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან მსვლელობით.

დღეს აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ არა ძირითადი ორგანიზატორები, არამედ ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” მართავს.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების დღეს.

რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინა დღეებში აქციას უწევდნენ ორგანიზებას, აცხადებენ, რომ შემდეგი დიდ აქციის ორგანიზებას აპირებენ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვისას. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.

„ჩვენ ვაპირებთ ისევ დიდი შეკრების მოწყობას მეორე განხილვისთვის, თუმცა მანამდეც სხვადასხვა აქტივობას განვახორციელებთ, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ამ კანონის მიღება ვერ გამოუვა“, – უთხრა ნეტგაზეთს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა.

ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ინიციატივით აქციები გუშინ, 18 აპრილს და დღეს 19 აპრილს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი