ახალი ამბები

„ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია“ — შსს დემონსტრანტებს

16 აპრილი, 2024 • 600
„ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია“ — შსს დემონსტრანტებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“:

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება კანონდარღვევაა და ამას „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ ,— ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები პარლამენტში რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას აპროტესტებენ. ამავდროულად, პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, რომელზეც კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილეები ნაწილი შეკრებილი არიან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან ჭიჭინაძის ქუჩაზე. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

30.04.2024