ახალი ამბები

Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ საქართველოს „რუსული კანონის“ უკან გაწვევისკენ მოუწოდა

12 აპრილი, 2024 • 729
Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ საქართველოს „რუსული კანონის“ უკან გაწვევისკენ მოუწოდა

Politico-ს ცნობით, ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საბოტაჟს მისივე მთავრობა ახორციელებს.

გამოცემა წერს, რომ თბილისში საპროტესტო მოძრაობა დაიწყო საკამათო კანონპროექტის გამო, რომელიც „რუსულ კანონმდებლობას მოგვაგონებს“. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარდა, სტატიაში საუბარია ჰომოფობიური ხასიათის კანონპროექტებზე.

„რეპრესიული კანონპროექტები, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, ეწინააღმდეგება ქვეყნის სავარაუდო ევროკავშირის ტრაექტორიას — ბადებს კითხვებს მმართველი პარტიის ზრახვებთან დაკავშირებით. გასულ კვირას ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის პარლამენტის წინ აქცია მოაწყო“, — წერს Politico.

გამოცემის თანახმად, ბრიუსელში იზრდება შიში იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ფეხს ითრევს საკვანძო რეფორმებზე, არამედ აქტიურად ცდილობს ჩაშალოს მთელი პროცესი.

POLITICO-ს თანახმად, ამ სენსიტიურ საკითხზე საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა ანონიმურობის პირობით განაცხადა: „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელია და ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯაროდ აღებული ვალდებულებების შესაბამისად“.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი