გერმანიის მთავრობა წუხს, რომ მიუხედავად საზოგადოების უარყოფითი რეაქციისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს უცხოური გავლენის შესახებ საკამათო კანონპროექტის მიღებას — ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიან ჰოფმანმა „დოიჩე ველეს“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჰოფმანმა გაიხსენა, რომ „საქართველოს მთავრობა გასულ წელსსაზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ კანონპროექტს დღის წესრიგიდან უპირობოდ მოხსნიდა“.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიჰყვება რეფორმების გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამით აცხადებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას“.
DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა კი თქვა, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისი თქმით, საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამით გაწევრიანების „ისტორიული შანსი“, ამის შესახებ იციან. მისი განცხადებით, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, ეს გადაწყდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით.
გამოცემა წერს, რომ ეს თემა, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, 12 აპრილს, გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტისას განიხილება. ბერლინში დაგეგმილია მისი შეხვედრა ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და მოლაპარაკება კანცლერ ოლაფ შოლცთან სამუშაო ლანჩის ფარგლებში.