ახალი ამბები

„დიდება უკრაინას, სიკვდილი პუტინს!“ — საბჭოთა დისიდენტს რუსეთში პატიმრობა შეუფარდეს

4 აპრილი, 2024 • 3380
„დიდება უკრაინას, სიკვდილი პუტინს!“ — საბჭოთა დისიდენტს რუსეთში პატიმრობა შეუფარდეს

საბჭოთა დისიდენტ ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„მედუზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სასამართლოში „დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ დაიყვირა. როგორც გამოცემა წერს, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა თქვა, რომ ამ აბსურდში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა და ერთადერთი მიზეზი რის გამოც იქ იმყოფებოდა, „სასამართლოსთვის შეფურთხება“ იყო.

ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისი მეგობრის, ადამიანის უფლებების დამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პოლიციამ დაკავებულს არ მისცა შესაძლებლობა, რომ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები იზოლატორში წაეღო.

მას ბრალად ედება ტერორიზმის გამართლება და ედავებიან პოსტის გამო, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქებას ეხებოდა, თუმცა ტექსტის შინაარსი და დამატებითი დეტალები უცნობია.

„მედუზას“ ცნობით, 66 წლის სკობოვი საბჭოთა კავშირში ანტი-საბჭოთა აგიტაციის ბრალდებით პოლიტპატიმარი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეს სკობოვი სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა და ეწინააღმდეგებოდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომს, ასევე გამოდიოდა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

2022 წლიდან ის მოუწოდებდა ადამიანებს, დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. 2024 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სკობოვი „უცხოური გავლენის აგენტად“ დაარეგისტრირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი