ახალი ამბები

პრეზიდენტი: „ოცნებამ“ ევროპას უთხრა „არა“

3 აპრილი, 2024 • 716
პრეზიდენტი: „ოცნებამ“ ევროპას უთხრა „არა“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნებას საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟად აფასებს.

ზურაბიშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას და „ქართულ ოცნებას“ მიმართა:

„გილოცავთ, ბატონებო! რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს, არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა. ყველაზე მოსალოცი ისაა, რომ თქვენ შეძელით და დაამთხვიეთ რუსული კანონი — ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ვიყენებ ამ ტერმინს — 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ — არც ეროვნული და არც ევროპული“, — მიმართა ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას, განსხვავებით მმართველი პარტიისგან, კარგად ესმის, რომ ეროვნული და ევროპული დღეს ერთი და იგივეა.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის გამყარებაში და გადაწყვეტილებაში, რომ „რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ“.

„ოცნებამ“ თავისი სახე უკვე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო, 15 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მათი დამსახურებაა ევროპული გადაწყვეტილება. დღეს უკვე ყველაფერი ნათელია. „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა — ევროპას უთხრა „არა“ ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც 9 რეკომენდაციაში წერია და ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ევროკავშირისგან ავანსად მიიღო კანდიდატის სტატუსი და „ოცნება“ დღეს დაკავებულია ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით“.

„საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა“, — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გადაწყვეტილებებით თქვა შემდეგი:

  • არა იუსტიციის საბჭოს რეფორმას, მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის სანაცვლოდაც კი;
  • არა სანქციებთან შეერთებას ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას;
  • ულტიმატუმი ამერიკას, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს — „ეს არის ამ ყველაფრის სარჩული“.
  • არა სამართლიან არჩევნებს — „მხოლოდ ჩვენი წესები, ცესკო და ცესკოს თავმჯდომარეო“;
  • არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა, ჩვენი არ იყოსო და ყოველ „პადიეზდში“ ხომ არ გავხსნით საარჩევნო უბანსო;
  • არა ქალების უფლებებს და იმ ერთადერთ შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე — „უკან-უკან წავიდეთო და ქალები „ბუტკაშიო“.
  • არა ანტიკორუფციულ ზომებს. პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორი მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები თუ ყოფილი პრემიერები.
  • არა დეპოლარიზაციას.

„პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას და ამას ემსახურება ყველა ეს ინიციირებული კანონპროექტები. ეს ყველაფერი არის პირდაპირი გამოწვევა საკუთარი ხალხის და ამავე დროს ჩვენი პარტნიორების. გამოწვევა ემსახურება არეულობას, დესტაბილიზაციას, რომ ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედა ა.შ.“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ შეურაცხყოფაზე საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი — არჩევნებით ევროპული სათქმელის თქმა.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი