ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ტერორიზმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 მარტი, 2024 • 929
აზერბაიჯანში ტერორიზმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოაშკარავდნენ პირები, რომლებიც აზერბაიჯანში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ბაჰრუზ ასკეროვი დაუკავშირდა სხვა პირებს “ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის დათესვის, სამთავრობო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი ემზადებოდა ტერორისტული აქტის ჩასადენად, რომელსაც მოჰყვებოდა ადამიანების სიკვდილი და სხვა საშიში შედეგები.

„დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკეროვი რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს აძლევდა მითითებებს ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობის ორგანიზების მიზნით.

ასევე დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკეროვმა მათ დაავალა აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში ინგლისურის მასწავლებლად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელება“ ,— წერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასკეროვი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ასკეროვი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ორგანიზებას გეგმავდა იმ პირებისთვის, რომლებსაც ეკონტაქტებოდა, მაგრამ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებული ზომების შედეგად, მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.“

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი