ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის თქმით, ქართული პოლიციის მხრიდან ე.წ. საზღვარზე დარღვევების რაოდენობა გაიზარდა

21 მარტი, 2024 • 1350
ცხინვალის თქმით, ქართული პოლიციის მხრიდან ე.წ. საზღვარზე დარღვევების რაოდენობა გაიზარდა

ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის ქართული პოლიციის მხრიდან ე.წ. საზღვარზე “დარღვევების რაოდენობა გაიზარდა”.

ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კოჩიევის თქმით, 13 თებერვლიდან საკმაოდ ბევრი დარღვევა იყო ქართული მხრიდან.

“იყო შემთხვევები, როცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე [საქართველოს მოქალაქეები] 10 მეტრის სიღრმეში შევიდნენ და უკან გამოვიდნენ”, – აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა.

მან განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აუხსნეს მსგავსი ფაქტის დაუშვებლობის შესახებ.

“გარდა ამისა, მიუღებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების საზღვართან ახლოს ყოფნაც. ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით ყველა მხარეს, რომ სანიტარული ღობე, რომელსაც ზოგჯერ საზღვრის ღობეს უწოდებენ, არ არის სასაზღვრო ხაზი” ,- განაცხადა კოჩიევმა.

ეგორ კოჩიევმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ერთი ფაქტიც, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოს ეკუთვნოდეს.

“[დრონმა] საქართველოს ტერიტორიიდან გადმოკვეთა საზღვარი და უკან ბრუნდებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში და არ შეფრენილა ქვეყნის შიგნით. მას რესპუბლიკისთვის ზიანი არ მიუყენებია”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი