ახალი ამბები

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ თოფურიას დაჯილდოებას არ დაესწრებიან

21 მარტი, 2024 •
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ თოფურიას დაჯილდოებას არ დაესწრებიან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ილია თოფურიას დაჯილდოებას არ დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ მან და პაპუაშვილმა წარადგინეს ილია თოფურია ღირსების ორდენზე და შესაბამისი წარდგინებით პრეზიდენტს მიმართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილია თოფურიას დაჯილდოება დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართება და დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟებიან.

„როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ორბელიანების სასახლეში მისვლას არ აპირებენ.

„არა, ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ გვქონდა ამ დღეებში ილია თოფურიასთან ურთიერთობა, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დანარჩენი ეს ჩვენი საკითხი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი