ახალი ამბები

ქობულეთის ფიჭვნარში ყველა სასტუმრო თითქმის ერთნაირი იქნება

28 სექტემბერი, 2010 • 1201
ქობულეთის ფიჭვნარში ყველა სასტუმრო თითქმის ერთნაირი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების არქიტექტურული პროექტები მოამზადა პოტენციური ინვესტორებისთვის.

სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე წარმოდგენილია ორი პროექტი, კერძოდ, ხუთ, ექვს და შვიდსართულიანი სასტუმროების მოდელები.სულ სამი ტიპის სასტუმროების პროექტებია წარმოდგენილი. ვიზუალურად ისინი თითქმის იდენტურია და ფაქტიურად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა ბოლქვაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ”იმისთვის, რომ ინვესტორებს საქმე გაუადვილდეთ,  წინასწარ მომზადდა სასტუმროს პროექტები”.

კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა სასტუმრო ქობულეთის ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ერთნაირი იქნება, ბოლქვაძე გვპასუხოს: ”დიახ, თითქმის ერთნაირი”.

სასტუმროს პროექტში, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზეა განთავსებული, მითითებულია შენიშვნა, რომ ინვესტორს აქვს შესაძლებლობა სასტუმროს სარდაფი სურვილისამებრ მოაწყოს.

სხვა შემთვევაში კი, ყველაფერი გათვლილია: მაგალითად, ხუთსართულიანი სასტუმროს პროექტით გათვალისწინებულია 36 ნომერი და 75 საძილე ადგილის მოწყობა, ექვსსართულიანის შემთხვევაში კი – 48 ნომრისა და 100 საძილე ადგილის.

პროექტში ზუსტად არის გაწერილი, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ჰოლი, ტერასა, დერეფნები, აივნები და ა.შ.

ქობულეთის ფიჭვნარი თავისუფალ ტურისტულ ზონად 11 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა.

ბიზნესმენი, რომელიც 2–დან 4 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს  სასტუმროს მშენებლობაში და ობიექტს  2011 წლის 1 აგვისტომდე გაუშვებს ექსპლუატაციაში,  მომდევნო 15 წლის განმავლობაში   გათავისუფლდება  მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადებების მიღება 15 სექტემბრიდან დაიწყო.

თეა ბოლქვაძე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შესული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ის აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება დასრულდება, შემოსული განაცხადების რაოდენობაც დასახელდება.

ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისგან წინადადებების მიღება მანამ დაიწყო, სანამ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებდა.

ნიკა გილაურის, პრემიერ მინისტრის განმარტებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, რაც კონკრეტულად აღნიშნულ ტერიტორიაზე გადასახადებისგან ინვესტორების განთავისუფლებას შეეხება. თუმცა ამ დრომდე ცვლილება კანონში არ შესულა.

ამავე თემაზე

ჯერჯერობით უკანონო შეღავათები ინვესტორებს

მასალების გადაბეჭდვის წესი