ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური ბანკები რუსული „მირის“ ბარათების მომსახურებას აჩერებენ — მედია

19 მარტი, 2024 • 1213
სომხური ბანკები რუსული „მირის“ ბარათების მომსახურებას აჩერებენ — მედია

2024 წლის 30 მარტიდან სომხური ბანკების უმრავლესობა შეწყვეტს ბანკომატებსა და POS ტერმინალებზე სადებეტო და საკრედიტო ბარათების რუსული გადახდის ქსელის „მირის“ გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ, მათ შორის, რუსული rbc.ru ავრცელებს. 

ამჟამად, „მირი“სომხეთში ოპერირებს სისტემის გამოყენებით, რომელიც მისაღებია ადგილობრივი ბანკებისთვის.

„30 მარტიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება უნაღდო ანგარიშსწორება POS ტერმინალებზე და ნაღდი ფულის გამოტანა რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებში. ეს არ იმოქმედებს VTB სომხეთის ბარათების მუშაობაზე“, — განაცხადა „VTB სომხეთის“ წარმომადგენელმა.

„VTB სომხეთის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბანკი აგრძელებს „მირის“ ბარათებით სრულ მომსახურებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ „მეგობარ“ ქვეყნებთან მუშაობას, რომ მივიღოთ „მირის“ ბარათები მათ ინფრასტრუქტურაში. თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის მიღებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.

სომხეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ „სომხეთის კომერციული ბანკები დამოუკიდებლად წყვეტენ, რომელ გადახდის სისტემებთან ითანამშრომლონ რისკის მართვის სტრატეგიიდან გამომდინარე.“

„ამავდროულად, მომსახურების პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკები ვალდებული არიან, სათანადოდ აცნობონ კლიენტებს ამის შესახებ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის 2 წლისთავთან დაკავშირებით. სანქციები დაუწესდა, მათ შორის, კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს „მირის“ სისტემის მუშაობას.


„მირის“ საბარათე სისტემა რუსეთის მოსახლეობისთვის იყო ერთგვარი ალტერნატივა მას შემდეგ, რაც 2022 წლიდან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთის საბანკო სისტემას სანქციები დაუწესა და „SWIFT-ის“ საბანკო სერვისიდან გათიშა.

ამჟამად „მირის“ ბარათები და გადახდის სისტემა მხოლოდ რუსეთის ე.წ. პარტნიორ ქვეყნებში მუშაობს მცირე გამონაკლისების გარდა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი