ახალი ამბები

რასაც EU-ის წევრობისთვის აკეთებთ, დაკავშირებულია ნატოში გაწევრიანების ძალისხმევასთანაც — სტოლტენბერგი

18 მარტი, 2024 • 566
რასაც EU-ის წევრობისთვის აკეთებთ, დაკავშირებულია ნატოში გაწევრიანების ძალისხმევასთანაც — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჩათვლით.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს წვლილს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მიერ არჩევნების ორგანიზება საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულიად უკანონოა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც თბილისში პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

მისი თქმით, საქართველო უსაფრთხოების რთული გამოწვევების წინაშე დგას, რუსეთი იმპერიული ამბიციების და უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული სიტუაციიდან გამომდინარე.

„ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ მხარდაჭერა. მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო დახმარების 99%-ს. ჩვენი პარტნიორები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და აწვდის გადამწყვეტ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, მისი თქმით, მეტი უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად.

„ჩვენს შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. ჩვენი დახმარებით უკრაინა უკუაგდებს, აზიანებს და ანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს. უკრაინის წარმატებამ მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტების გახსნის საშუალება მისცა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი საქართველოს გვერდით დგას  უფრო ძლიერი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მოგზაურობის გზაზე, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდეს ნატოს ალიანსის წევრი.

„ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი უდიდესი შესაძლებლობაა, გაზარდოთ თქვენი სტაბილურობა და კეთილდღეობა. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირის წევრობისთვის, თან ახლავს ძალისხმევას, რომ გახდეთ ნატოს სრული მოკავშირე“, — დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ტურს მართავს. ის 17 მარტს ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი