ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუცია სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს – ფაშინიანი

14 მარტი, 2024 • 1002
ევროპარლამენტის რეზოლუცია სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს – ფაშინიანი

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიესალმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების აუცილებლობასა და ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე.

“მივესალმები ევროპარლამენტის რეზოლუციას და ვფიქრობ, რომ ის სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი სომხეთის რესპუბლიკის მომავლის ხედვის განსახილველად და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორი და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ევროპარლამენტიდან მოსმენილი ამ გზავნილის მიმართ” ,— განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

14 მარტს მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რეზოლუციამ ევროპარლამენტის ყველა ფრაქციის მხარდაჭერა მიიღო 504 ხმით.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუცია გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიხედვით, ასევე, სოლიდარობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის.

“ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკის მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღქმისთვის. რეზოლუციაში ციტირებული იყო ჩემი განცხადება, რომელიც გასული წლის 17 ოქტომბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთე, რომ სომხეთი მზად არის იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს ისე, რამდენადაც ევროკავშირი საჭიროდ ჩათვლის. დავაფიქსირე,  რომ თუ სომხეთის რესპუბლიკა მიმართავდა ევროკავშირს გაწევრიანებისთვის, ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს უნდა უზრუნველეყოთ მხარდაჭერა” ,— განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატა მთავრობის სურვილი, განვითარდეს და გაღრმავდეს სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა.


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს სომხეთის სურვილს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდასთან დაკავშირებით.

როგორც ევროკავშირში სომხეთის ელჩი ტიგრან  ბალაიანი X-ზე  წერს, რეზოლუციას მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

„ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს ევროკავშირს წევრი გახდეს იმ პირობით, რომ ის იცავს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და კანონის უზენაესობას.

[ევროპარლამენტი] მიიჩნევს, რომ თუ სომხეთი დაინტერესებული იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და განაგრძობს რეფორმების გზას მისი დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის, ამან შეიძლება შექმნას საფუძველი ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციული ეტაპისთვის.

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს კომისიას და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანას განიხილავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი