ახალი ამბები

რუსულმა მედიამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ცნობა FSB-ს შტაბზე დრონით თავდასხმის შესახებ

13 მარტი, 2024 • 1248
რუსულმა მედიამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ცნობა FSB-ს შტაბზე დრონით თავდასხმის შესახებ

“მედუზას” ცნობით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მედიამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხშაბათ დილას დრონი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბელგოროდის რეგიონულ შტაბს დაეჯახა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსულმა სამთავრობო მედიასაშუალება TASS-მა და შემდგომ სწრაფად გავრცელდა ადგილობრივ ვებ-გვერდებზე.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, “TASS-მა” განაცხადა, რომ საფრენმა აპარატმა ჩააამსხვრია შენობის ფანჯრები და დააზიანა ფასადი. თუმცა ერთ საათზე ნაკლებ დროში მედიამ წაშალა ინფორმაცია, იგივე გაიმეორა ბელგოროდის, სულ მცირე, ექვსმა საინფორმაციო გამოცემამ.

“ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, წაშლილი ტელეგრამ პოსტები კვლავ ჩანს საიტზე “TGStat”.

ინფორმაციის თარგმანი კვლავ რჩება “TASS”-ის ვებ-გვერდის ინგლისურენოვან ვერსიაზე.


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სამშაბათ ღამეს და ოთხშაბათ დილას სხვადასხვა რეგიონში 60-ზე მეტი დრონით განხორციელდა თავდასხმა.

ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, სულ მცირე, ექვსი დრონი.

გლადკოვი აცხადებს, რომ დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი