ახალი ამბები

რეგულარული ჯარის სათადარიგო სკამი

27 სექტემბერი, 2010 •
რეგულარული ჯარის სათადარიგო სკამი

ანდრო ბარნოვის, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ქვეყნის ტოტალური თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი დაჯდება. კონცეფცია, რეგულარ ჯართან ერთად, რეზერვის ახალი სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

რეზერვში სამსახური ბარნოვისეული კონცეფციით, 18-45 წლამდე ადამიანებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, ხოლო ტერიტორიული რეზერვი სავალდებულოც და ნებაყოფლობითიც.

გამოწვევები თავდაცვის სისტემის და საზოგადოებისთვის – ეს ჰქვია კვლევას, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო კვლევის შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებლობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და კონსალტინგის და მართვის ჯგუფი PMCG იღებს.

ტოტალური თავდაცვა ნაშრომში ასეა განმარტებული:

”ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა ინსტიტუტის, ყველა რესურსის მობილიზებას თავდაცვის მიზნებისთვის”.

ბარნოვი წერს, რომ საქართველოს თავდაცვას ესაჭიროება  კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი რეგულარული სამხედრო ძალები. „ამას გარდა, საუკეთესოდ მომზადებული რეზერვი, რაც, პრაქტიკულად, იგივე უნდა იყოს, რაც ბრძოლისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა”.

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2 მილიონ 23 ათასი მოქალაქე ითვლება.

თუმცა, ზღვრული სტანდარტის შესაბამისად, რეგულარულ ჯარში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის 1%-ზე მეტის ყოლა, ნაშრომის მიხედვით, არ არის რეკომენდებული. საქართველოს შემთვევაში, ეს 46 ათას სამხედრო მოსამსახურეს ნიშნავს. რეზერვის შემთხვევაში, რაოდენობა სამხედრო მოსამსახურეებზე 10-ჯერ მეტია, რაც 460 ათასი ადამიანია.

თუმცა ადამიანების რაოდენობა ბარნოვს ასე აქვს განსაზღვრული: 30 ათასი – პროფესიული ჯარი, 10-12 ათასი – რეზერვი და 160 ათასი – ტერიტორიული რეზერვი.

პროფესიული რეზერვის არსებობის ჯამური წლიური ხარჯი 43 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 36 მილიონი მხოლოდ სახელფასო დანამატია, თვეში 250 ლარის ოდენობით.

პარლამენტი სამხედროების რაოდენობას ქვეყნაში ყოველწლიურად ამტკიცებს, 2010 წლისთვის ეს ციფრი 37 ათასია.

საქსტატის ინფორმაციით,  18–დან 45 წლამდე დაახლოებით 100 ათას ადამიანს გავლილი აქვს სამხედრო სამსახური.

რეგულარულ ჯარში, სადაც 30 ათასი ადამიანი მოიაზრება, ბარნოვის თქმით, მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდა ოფიცრების დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის.

რეზერვი ბარნოვს დაყოფილი აქვს პროფესიულ, ტერიტორიულ და სამოქალაქო რეზერვებად.

რეზერვის კონცეფციაზე ბარნოვი წერს: რეზერვში სამსახური სავალდებულოა ყველასთვის, 18-45 წლამდე. ”პროფესიული რეზერვი არის ხელფასიანი… პროფესიული რეზერვი არის რეგულარული ჯარის ”სათადარიგო სკამი”.

ტერიტორიული რეზერვი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომზადდება. ბარნოვი ამბობს, რომ საყოველთაო ვალდებულების პრინციპით დაკომპლექტებული ძალები უნდა არსებობდეს 2100 სოფელსა და 70-მდე დაბაში. თითოეული მოქალაქე მიწერილი იქნება რომელიმე ტერიტორიული რეზერვის რომელიმე დანაყოფზე, სადაც უკიდურესი საჭიროების დროს მოუწევს სამსახური. უნდა მომზადდეს სავარჯიშო ინფრასტრუქტურა, 160 ათასი ტერიტორიული რეზერვისტის მოსამზადებლად, ”ასევე, პარტიზანული ომის საწარმოებლად”, – ნათქვამია ნაშრომში.

რაც შეეხება სამოქალაქო რეზერვს, აქ წევრიანდებიან ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯანმრთელობის შეზღუდვის გამო. აქვე ხვდება მდედრობითი სქესის მოქალაქეთა უმრავლესობა.

”ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზება ნიშვნავს არა მთელი მოსახლეობის ჯარში გაწვევას, არამედ, ტერიტორიული პრინციპით”, – ნათქვამია ნაშრომში. აქვე მითითებულია,რომ ტერიტორიული რეზერვისტებისთვის წვრთნები ჯერ ხანგრძლივი, ხოლო შემდეგ მოკლე და ყოველწლიური იქნება.

დევიდ სმიტმა, საქართველოს თავდაცვის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა და უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდში, ბარნოვს უთხრა:

”ნუ წარმოიდგენ, რომ გეგმის განხორციელება მარტივია, რეზერვის შენახვა ქვეყნისთვის ძალიან რთულია და ძვირიც დაჯდება”, – აღნიშნა სმიტმა გამოსვლისას.

მისი თქმით, იდეის განცორციელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება ფული და დრო.

ბარნოვმა აღნიშნა, რომ 250 მილიონი ლარი, რაც პროექტის განხორციელებას სჭირდება, ის თანხაა, რომელიც შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოყოს ტოტალური თავდაცვის პროექტის განხორციელებისთვის.

ბარნოვი ვარაუდობს, რომ 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულად ამუშავება. რაც დასაწყისში ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდება, ყოველწლიურად კი, პროგრამის ამუშავების შემდეგ, 200-250 მილიონი ლარი.

თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს შეადგენს (2009 წ – 879 მლნ ლარი; 2008 წ – 1.547 მლრდ ლარი).

საორიენტაციო გათვლებში, რომელიც ნაშრომშია წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ რეზერვში გასაწვევი რესურსი დღეს საქართველოში 958 ათასი მამაკაცია. ტერიტორიულ რეზერვში მხოლოდ რეზერვისტებს არ მოიაზრებენ. აქ იმსახურებს 1 ოფიცერი 8-10 სერჟანტზე და ერთი სერჟანტი – 30-40 რეზერვისტზე.

საწყის ეტაპზე, ნაშრომში ნაქთვამია, რომ  საჭიროა  სერჟანტების მომზადება. მოგვიანებით კი საქართველოს 3600 სოფელში თითო სერჟანტი იმსახურებს.

ბიუჯეტს, სერჟანტების და ოფიცრების სამსახური, 500 ათასი ლარი დაუჯდება ყოველწლიურად.

ოფიცრების, სერჟანტების მოძიება, საწვრთნელი ინფრასტრუქტურის შექმნა, ნაშრომის მიხედვით, პირველ ეტაპზე 3 მილიონი ლარი დაჯდება, პროგრამის დასრულების შემდეგ კი ყოველწლიურად – 150-200 მილიონი ლარი.

თავდაცვის სამინისტრო არ არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პროექტში შესაძლოა იყოს ჩართული. ნაშრომის მიხედვით, სათემო განვითარების ცენტრები შეიქმნება.

თემის ფუნქციებია ასეა განმარტებული: თემი აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს, აღრიცხავს წვრილმან დანაშაულს, განკარგავს მოზიდულ ხარჯებს და სხვა.

სათემო განვითარების ცენტრი არჩევითი ინსტიტუტია,  ეს უკანასკნელი კი მჭიდრო კოორდინაციაში უნდა იყოს ეროვნულ გვარდიასთან, განათლების სამინისტროსთან, პოლიციასთან და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი