ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ახალგაზრდებმა პუტინის მხარდასაჭერი ფორუმი გამართეს

13 მარტი, 2024 • 1128
სოხუმში ახალგაზრდებმა პუტინის მხარდასაჭერი ფორუმი გამართეს

12 მარტს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის ახალგაზრდობის ფორუმი, რომელიც მიეძღვნა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთობების განხილვას რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია მეგობრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების განვითარება.

„იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, უნდა გავამყაროთ კავშირები რუსეთთან. რუსეთის ფედერაციის ხალხთან ალიანსით ჩვენ შევძლებთ ერთობლივად დავუპირისპირდეთ საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამიტომ, თითოეული თქვენგანი გადაწყვეტთ, რა მიმართულებას მიიღებს ჩვენი ქვეყანა მომავალში. თქვენი ცოდნა, თქვენი ენერგია და თქვენი ინოვაციური მიდგომა შეძლებს განახორციელოს ყველაზე გაბედული პროექტები და იდეები, გახადოს აფხაზეთი უფრო ძლიერი, მდიდარი, უფრო ლამაზი, უფრო სამართლიანი და, საბოლოო ჯამში, კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს არის“, — მიმართა ბჟანიამ ახალგაზრდებს.

ასლან ბჟანიამ მოუწოდა ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის პასპორტს ფლობს, მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის ახალგაზრდული ფორუმის“ თავმჯდომარე ინალ ხიშბამ ახალგაზრდებს მიმართა, რომ ისტორიაში ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცნენ ახალგაზრდები მთავარ მამოძრავებელ ძალად.

„ასე იყო 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის განმათავისუფლებელი ომის დროს. აფხაზეთის საუკეთესო ვაჟებმა და ქალიშვილებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ახალგაზრდა თაობას სჭირდება ჩვენი წინაპრების ნათელი ხსოვნის შენარჩუნება, მათი უკვდავი ღვაწლის გახსენება. დღეს აფხაზეთი განვითარების ახალ ეტაპზეა და ამ პროცესში ახალგაზრდობამ სასიცოცხლო როლი უნდა ითამაშოს“, — განაცხადა ხიშბამ.

ინალ ხიშბამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს სწორედ რუსეთთან ურთიერთობა იკავებს.

„რუსი ხალხი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ერთგული მეგობარი და მოკავშირეა. განმათავისუფლებელი ომის შემდეგ რუსი მესაზღვრეები, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდა იყო, დაიღუპნენ აფხაზური სამყაროს დასაცავად. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ მსხვერპლს. აფხაზი ხალხი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში რუსეთის დახმარება გადაწყვიტა. ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები რუს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან, სიცოცხლეს სწირავენ და იცავენ რუსულ სამყაროს დასავლეთის კოლექტიური აგრესიისგან. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ომებით. ისინი ნამდვილი გმირები არიან და  გვჯერა ჩვენი საერთო გამარჯვების“ ,— განაცხადა ინალ ხიშბამ.

ფორუმის დასასრულს ახალგაზრდებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გამოხატავენ „ურყევ მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“.


ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი 12 მარტს ცხინვალის მთავარ მოედანზეც  გაიმართა ლოზუნგებით – „რუსეთი – ოსეთი“, „პუტინის გამარჯვება – ოსეთის გამარჯვებაა!“, „ძლიერი პრეზიდენტი – ძლიერი რუსეთი.“

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე მივიდა.

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი