ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დემარკაციის პროცესი ალმა-ათის დეკლარაციას უნდა ეფუძნებოდეს – მიროზიანი

8 მარტი, 2024 • 1462
დემარკაციის პროცესი ალმა-ათის დეკლარაციას უნდა ეფუძნებოდეს – მიროზიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო “Anadolu-სთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს სურს, ალმა-ათის დეკლარაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში შევიდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერევანმა ბაქოსგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი.

მიროზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის განზრახვას, გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესისგან შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, სამშვიდობო დღის წესრიგისადმი ერევანის ერთგულების დასადასტურებლად.

“ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს კავკასიასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით” ,— განაცხადა მიროზიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არაერთი უთანხმოებაა, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება მიღწეულია.

მიროზიანის თქმით, ორ ძირითად საკითხზე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.

ამ საკითხებიდან პირველი ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების განსაზღვრის პრინციპს, ხოლო მეორე — რეგიონულ კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო მარშრუტებს.

მიროზიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. მისი თქმით, დემარკაციის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “არავის აქვს უფლება, დაადგინოს ახალი საზღვრები”.

არარატ მიროზიანმა აღნიშნა, რომ ერევანს ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანისგან ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ მიუღია.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.

1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის თანახმად, ყოფილი სსრკ ქვეყნები უნდა აღიარებდნენ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრებს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი