ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში 9 ჟურნალისტი და 3 ოპოზიციონერი დააკავეს

7 მარტი, 2024 • 1630
აზერბაიჯანში 9 ჟურნალისტი და 3 ოპოზიციონერი დააკავეს

6 მარტს აზერბაიჯანული მედიასაშუალება „Toplum Tv-ის“ 9 ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, დააკავეს პოლიტიკური აქტივისტებიც. 

დაკავებულთა შორის არიან „III რესპუბლიკის პლატფორმისა“ და მოძრაობა „Nida-ს“ წევრები. 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტელეკომპანია „Toplum-ის“ ოფისში მყოფ პირთა „საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული სამძებრო სამუშაოები დაიწყეს“.

სამი დაკავებული აქტივისტი — აკიფ გურბანოვი, არაზ ალიევი და რუსლან იზეტლი — საზოგადოებრივი მოძრაობის „III რესპუბლიკის პლატფორმის“ წევრები არიან. პლატფორმა მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და აზერბაიჯანის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. გაჩხრიკეს მოძრაობის ოფისიც.

„Toplum TV“ პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ონლაინ რესურსი, რომელიც ძირითადად მუშაობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციის შესახებ საკითხებზე. მედია ფუნქციონირებს 2016 წლიდან. 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მედიის წარმომადგენლებს მასობრივად ავიწროებენ უკანონოდ.


2023 წლის ბოლოდან აზერბაიჯანში ათამდე ჟურნალისტი დააკავეს. მათი უმრავლესობა „Abzas Media-ს“ წარმომადგენელი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი