ახალი ამბები

ტრაილერის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ

6 მარტი, 2024 •
ტრაილერის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ

ტრაილერის მძღოლებმა დღეს, 6 მარტს, ნატახტარში აქციას გამართეს.

ისინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ: მათი თქმით, სააგენტო ტვირთის გადაზიდვის ნებართვას იანვრის შემდეგ აღარ გასცემს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, მძღოლები ამბობენ, რომ ამ ნებართვის “ყიდვა” შესაძლებელია ე.წ. შავ ბაზარზე. ისინი ფიქრობენ, რომ “შავი ბაზრის” გავლით შემოსავლებს ისევ სააგენტო იღებს.

აქციის შემდეგ მძღოლების ნაწილი სახალხო დამცველთან შესახვედრად წავიდა. ომბუდსმენის აპარატში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ შეხვედრა შედგა და ლევან იოსელიანმა მოისმინა მძღოლების პრობლემა. თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან უწყება ამ ეტაპზე თავს იკავებს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ მძღოლები ეკონომიკის სამინისტროში წავიდნენ. სწორედ ეკონომიკის სამინისტროს სისტემის ნაწილია სახმელეთო ტრანსპორტის კომპანია. უცნობია, კონკრეტულად ვის შეხვდნენ და რა პასუხები მიიღეს მათგან.

განახლება:

ეკონომიკის სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა პროტესტის მონაწილე მძღოლებისა და სატვირთო ავტომობილების მფლობელებისგან უშუალოდ მოისმინეს ინფორმაცია მათი მოთხოვნების შესახებ.

„შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ შეხვედრაზე წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, ასევე განიხილეს ერთობლივი მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ისეთ სანებართვო სისტემაზე, რომ წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვები სექტორის წარმომადგენლებზე თანაბრად იყოს გადანაწილებული“, — ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.


შექმნილი ვითარების შესახებ ტრაილერის მძღოლებმა “ბათუმელებთან” ჯერ კიდევ იანვარში ისაუბრეს. ისინი დეტალურად ყვებიან, როგორია შავ ბაზარზე იმ ნებართვის “ყიდვის” პრაქტიკა, რომლის გაცემის უფლება მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აქვს.

18 იანვარს სააგენტოში აცხადებდნენ, რომ მაღალი მიმართვიანობის გამო გადატვირთული იყო ნებართვის აღებამდე წინასწარი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატელეფონო ხაზები. 25 იანვარს სააგენტომ “ბათუმელების” კითხვების საპასუხოდ განმარტა, რომ “ნებართვის გაცემის პროცესი სრულიად უხარვეზოდ მიმდინარეობს”.

რაც შეეხება, ე.წ. შავი ბაზრის საკითხს, სააგენტოში განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან მძღოლებისგან საჩივარი არ შესულა. ოფიციალურად დაწესებული გადასახადით, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, მესამე დღეს ნებართვის მისაღებად მძღოლებმა 140 ლარი უნდა გადაიხადონ, ხოლო თუ ერთ სამუშაო დღეში სურთ დოკუმენტის გაფორმება, მაშინ -200 ლარი. მძღოლები, რომლებიც “ბათუმელებს” ანონიმურად ესაუბრნენ, ამბობენ, რომ შავ ბაზარზე ნებართვის აღების ღირებულება დაახლოებით 300-დან 1000 დოლარამდეა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორია ლევან გამყრელიძე. მის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს მან მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება იყიდა, მაშინ, როცა შემოსავლის სახით მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.

დეტალურად ლევან გამყრელიძის ქონებრივ დეკლარაციაზე გირჩევთ წაიკითხოთ შემდეგი სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი