სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 3 წევრს – გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს, რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ.
ოსური მედიის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატებმა შეტყობინებები 7 თებერვალს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან მიიღეს. მიზეზად სახელდება “ქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”, ხოლო რას უკავშირდება ეს “ქმედებები” დოკუმენტებში არ არის მითითებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის წევრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა წარმოადგენს “უპრეცედენტო ნაბიჯს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობებისთვის”. გამოცემა იუწყება, რომ მულდაროვი, სანკოევი და მედოევი საქართველოსთან “სახელმწიფო საზღვრის” დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ.
სანაკოევის თქმით, ეს ინიციატივა, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, არცერთი მათგანისთვის არ არის ნათელი.
“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე, ეს ყველაფერი მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. ამას ვაწერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობას და სამხრეთ ოსეთში პროქართული დერეფნის მუშაობას. მე და ჩემი კოლეგები ყველა კანონიერი მეთოდითა და მაქსიმალურად საჯაროდ დავიცავთ ჩვენს უფლებებს”, – ამბობს დავით სანაკოევი.
მულდაროვი აცხადებს, რომ სამწუხაროა, როცა ასეთ რთულ დროს ადგილობრივი “პოლიტიკოსები” რუსეთს აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც “ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები მიიღება”.
“სამხრეთ ოსეთი, ალბათ, ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა რუსეთთან. ასეთ დროს დეპუტატებმა შესაძლოა გამოიტანონ დასკვნა, თითქოს რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებს და პარტნიორებს. არ ვიცი, რით იხელმძღვანელეს ამ პროვოკაციის ორგანიზატორებმა, მაგრამ ისინი მხოლოდ საქართველოსა და მის დასავლელი კურატორების სასარგებლოდ თამაშობენ”, – ამბობს გარი მულდაროვი.
ოსური მედიის ცნობით, მულდაროვი საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო საზღვრის” დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა. სანაკოევი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელია, რომლის დაპატიმრებაზეც სასამართლო ორდერი გამოიცა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო.
წარსულში ორივე მათგანი იყო წარდგენილი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად.