ახალი ამბები

GFF-ში არ ადასტურებენ, რომ თოფურია ლუქსემბურგთან მატჩს გახსნის

5 მარტი, 2024 • 1259
GFF-ში არ ადასტურებენ, რომ თოფურია ლუქსემბურგთან მატჩს გახსნის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ნახევარფინალურ შეხვედრას UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გახსნის.

ამ კითხვით ფედერაციას მას შემდეგ მივმართეთ, რაც ილია თოფურიამ პირად ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე საჩემპიონო ქამრის ჩამოტანას სთხოვდა, უპასუხა, რომ იქ იქნებოდა:

„მანდ ვიქნები“ — დაუწერია თოფურიას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის.

საქართველოსა და ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.

თოფურიამ გახსნა ესპანეთში მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე, თუმცა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი უეფას ეგიდით ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი