ახალი ამბები

პანეტა: “თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”

1 მარტი, 2024 • 2208
პანეტა: “თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება” – ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  საუბრობს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

„ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“, — აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პანეტა.

რა საფრთხეებს ქმნის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საქართველოსთვის; რა რეალობა შეიძლება დადგეს საქართველოსთვის, თუ მიმდინარე ომში რუსეთი გაიმარჯვებს; როგორი შეიძლება ყოფილიყო, ან იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მოქმედების საუკეთესო მოდელი დასავლეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით; რა საფრთხეები ახლავს თან, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, – ეს არის „ამერიკის ხმის“ კითხვები, რასაც ამერიკის მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირი პასუხობს.

„[პეკინთან ურთიერთობაში] საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში“, – ამბობს პანეტა.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს „არ შეუძლია დაუშვას“, ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.

ლეონ პანეტა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე.

„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საქართველოს შესახებ არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით“, – აცხადებს პანეტა.

ლეონ პანეტა აშშ-ის თავდაცვის 23-ე მდივანია და  ამ თანამდებობას 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წელს, პანეტა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს პირადად შეხვდა და გაწეული მსხვერპლისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ჰელმანდში, „შუკვანის“ სამხედრო ბაზაზე შეხვედრის გახსენებისას, თავდაცვის ყოფილი მდივანი ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შორის განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.

თავდაცვის მდივნობამდე, 2009 წლის თებერვლიდან, 2011 წლის ივნისამდე, პანეტა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

„მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმირ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრეს მიზნად აქვს, შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში და ასევე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და, ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ლეონ პანეტა.

სრული ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანთან იხილეთ „ამერიკის ხმის“ ყოველკვირეულ გადაცემაში, „ხედვა ვაშინგტონიდან“ – შაბათს, 17:30 საათზე, „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში. ასევე, „ამერიკის ხმის“ ვებგვერდსა და სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი