ახალი ამბები

სარფში 5 კგ არადეკლარირებული ოქრო ამოვიღეთ — ფინანსთა სამინისტრო

29 თებერვალი, 2024 • 893
სარფში 5 კგ არადეკლარირებული ოქრო ამოვიღეთ — ფინანსთა სამინისტრო

სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 5 კილო არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს. უწყების ცნობით, ამოღებული ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 535 000 ლარია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავის აღმოსაჩენად.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას. აღნიშნული დანაშაული 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი