ახალი ამბები

КГБ-ის ყოფილი აგენტები არ არსებობენ — ზურაბიშვილი პუტინზე

28 თებერვალი, 2024 • 1205
КГБ-ის ყოფილი აგენტები არ არსებობენ — ზურაბიშვილი პუტინზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ევროპის მომავალი უკრაინის გამარჯვებაშია.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა, ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპელობა და ევროპისკენ სწრაფვა საქართველოს დნმ-შია. მან გაიხსენა, რომ 2003 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა ჯერ კიდევ ფრანგი დიპლომატის რანგში, ევროკავშირში საქართველოს სამეზობლოშიც არ განიხილავდა, 20 წლის შემდეგ კი ქვეყანაა გაწევრიანების კანდიდატი გახდა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მთავარი გამოწვევაა რუსეთი.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, მაგრამ დღეს საფრთხე არის უკრაინაში. თუ რუსეთს ეგონება, რომ შეუძლია გაფართოვდეს, როცა ამას გადაწყვეტს, რადგან ასეთია მისი ბუნება, არ იქნება სტაბილურობა, მშვიდობა და ძალიან რთული იქნება ისეთი ქვეყნების ყოფა, როგორცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. რუსეთის შეცვლის ერთადერთი გზაა,  ვერ მოიგოს ომი უკრაინაში და ეს ყველას პასუხისმგებლობაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უკრაინა მრავალმხრივ გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია ომის მიზნებს — ე.წ. დენაციფიკაციას და კიევის აღებას, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა იქნება სამხედრო თვალსაზრისით გამარჯვება ან დამარცხება. ზურაბიშვილის თქმით, მიზნის მიუღწევლობის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ბირთვული მუქარა, მათ შორის ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანის გზით.

„ეს უფრო ფსიქოლოგიური ომია — КГБ-ის ძველი აგენტის მიერ წარმართული, ძველი აგენტები არ არსებობენ“, — თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროპის, ასევე ევროპისა და აშშ-ის ერთსულოვნებაზე უკრაინის დახმარებაში. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არც დონალდ ტრამპის არჩევნების შემთხვევაში შეიცვლება.

„რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა იქნება არჩევნების შედეგი და რა მოხდება. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ, რა ხდება არჩევნებზე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მთავრობის შეცვლა და პოპულისტების მოსვლა არ არის საკმარისი საგარეო პოლიტიკის შეცვლისთვის. ყველა აანალიზებს, რომ [რუსეთის აგრესია] ეგზისტენციალური საკითხია“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან თქვა, რომ ვერ განიხილავს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის არჩევნებს, თუმცა სურს, დარწმუნებული იყოს, რომ საქართველოს დახმარება, ისევე როგორც უკრაინის თემა, ორპარტიული საკითხია.

„რა ხდება არჩევნებამდე და მეორე — როცა ხელისუფლებაში ხარ და პასუხისმგებლობა გაკისრია. პუტინს ვერავინ ენდობა“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი