რუსეთის რამდენიმე, ოფიციალური მონაცემით ყველაზე ღარიბ რეგიონში, მოქალაქეთა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მკვეთრი და ანომალიური ზრდა დაფიქსირდა, იტყობინება „სიბირ.რეალიი“, „რადიო თავისუფლების“ პროექტი.
კონკრეტული მონაცემები შემდეგია:
- ალტაის ოლქში დაფიქსირდა 18,95%-იანი ზრდა;
- ბურიატეთში – 33,26%;
- ტივაში – 57,57%.
ტივაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის თითქმის მესამედი იმყოფება, ალტაიში და ბურიატეთში კი, 20%-ზე მეტი.
ფინეთის ცენტრალურ ბანკთან არსებული კვლევითი ცენტრის თანახმად, ასეთი ანომალიური ზრდა შეიძლება აიხსნას ხელფასით, რომელსაც უკრაინაში მებრძოლ მობილიზებულ მებრძოლებს უხდიან. ანგარიშებზე თანხის ზრდას ასევე ხელს შეუწყობდა ის ფული, რომელსაც ჯარისკაცის გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახები იღებენ.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ მიზეზების გარდა, მომხდარი ვერ აიხსნება ვერც გაზრდილი ინფლაციით, ვერც საბანკო ბაზრის თავისებურებით და ვერც სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორით.
ამჟამად ოფიციალური ხელფასი, რომელსაც რიგითი ჯარისკაცები იღებენ, 204 ათასი რუბლია, დაახლოებით 2000 დოლარი. მეთაურები იღებენ 232 ათას რუბლს და მეტს. დაღუპული სამხედროსთვის კი, ოფიციალური მონაცემით, ოჯახმა 5 მილიონი რუბლი, დაახლოებით 50 000 დოლარი უნდა მიიღოს.