ახალი ამბები

რას გვეუბნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიჩიგანის პრაიმერის შედეგები

28 თებერვალი, 2024 • 734
რას გვეუბნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიჩიგანის პრაიმერის შედეგები

27 თებერვალს აშშ-ის შტატ მიჩიგანში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შიდა არჩევნები, პრაიმერისი ჩატარდა. ამომრჩევლები ირჩევდნენ თავიანთი პარტიების კანდიდატს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ფავორიტებმა მოიპოვეს – მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა. ამ გამარჯვებით ორივემ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.

ჯო ბაიდენმა ხმების 80%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა – ხმათა 68,.2%. ტრამპის მთავარმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ – 26,.5%.

ამერიკული მედიასაშუალებების და ანალიტიკოსების ცნობით, დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ეს შედეგები კანდიდატების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც აჩვენებს.

ბაიდენის შემთხვევაში, მისი ყველაზე ახლო მდევარი რომელიმე სხვა კანდიდატი არ ყოფილა. ხმათა თითქმის 14% მიიღო ვარიანტმა „დელეგატები, რომლებიც არც ერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს“ – შესაბამისად, პარტიის ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში ჩატარდება, მათ საშუალება ექნებათ, ნებისმიერ სასურველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

„სი-ენ-ენის“ შეფასებით, ბაიდენისდამი ოპოზიციის მთავარი მიზეზი მისი საგარეო პოლიტიკაა. ოპონენტები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ აწარმოებს აშშ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი, ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ისინი ბაიდენისგან ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელზე ზეწოლას ითხოვენ.

ამასთან ერთად, მიჩიგანში ცხოვრობს აშშ-ში მუსლიმი ამერიკელების დიდი რაოდენობა, რომლებიც, როგორც წესი, დემოკრატებს უჭერენ მხარს, თუმცა, გამოკითხვების თანახმად, დიდად უკმაყოფილონი არიან ბაიდენით. გარდა ამისა, დემოკრატთა მხარდამჭერების ნაწილმა, სავარაუდოდ, უბრალოდ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

თეთრი სახლის მრჩევლები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ მათი მოტივაციაა, ნოემბერში არჩევნებზე მივიდნენ და ტრამპისა და ბაიდენის დაპირისპირების შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირონ მხარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შტატებში, რომლებშიც მოგება არც ერთ კანდიდატს არ აქვს გარანტირებული – აშშ-ის საარჩევნო სისტემის სპეციფიურობის გამო, პრეზიდენტობის ბედს სწორედ რამდენიმე „მერყევი შტატი“ წყვეტს, რომელთა შორის მიჩიგანიცაა.

რაც შეეხება რესპუბლიკელთა პრაიმერისს, Associated Press აღნიშნავს ტრამპის დამაჯერებელ გამარჯვებას, თუმცა დასძენს, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეიძლება გაუჭირდეს რესპუბლიკელთა ამომრჩევლის გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება – ესენია საუნივერსიტეტო ქალაქებსა და გარეუბნებში ე.წ. ზომიერი რესპუბლიკელების კატეგორია, რომლებსაც დიდად არ მოსწონთ ტრამპის რიტორიკა და განცხადებები. მერყევ შტატებში, ბაიდენის მსგავსად, ტრამპს არ აქვს ხმების დაკარგვის ფუფუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი